"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ მთავრობის ფორმირებას ხელს არ შეუშლის და აღნიშნავს, რომ ისინი ის ოპოზიცია არ იქნება, რომელსაც მთავრობის წარუმატებლობა გაუხარდება.
აღნიშნულის შესახებ, გიორგი ბარამიძემ დღეს, „პრაიმ თაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ არ ვაპირებთ ხელი შევუშალოთ ახალი მთავრობის ფორმირებას. ჩვენთვის პერსონალიებზე მეტად მნიშვნელოვანია, რა პოლიტიკას გაატარებს „ქართული ოცნება“. დაველოდოთ, დაიწყონ მუშაობა და ვნახავთ, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ“, - განაცხადა ბარამიძემ.
ამასთან, გიორგი ბარამიძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „ქართული ოცნება“ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ დეპუტატებს გადაიბირებს. ბარამიძემ აღნიშნა, რომ არაფერია გამორიცხული, თუმცა მისი პარტიის მაჟორიტარების კეთილსინდისიერებაში და პრინციპულობაში დარწმუნებულია.
კითხვაზე, დაუჭერენ თუ არა მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ქუთაისის პარლამენტის შენობის თბილისში დაბრუნების საკითხს, ბარამიძემ განაცხადა, რომ ეს კანონი სულ ახლახან მიიღეს, თუმცა თუ აღმოჩნდება, რომ არის გადაუჭრელი პრობლემები პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ეს საკითხი შეიძლება განხილული იყოს.