"ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი“ პოლიტპატიმრების სიას აქვეყნებს. დასახელებულ პირებს შორის თეიმურაზ ჟორჟოლიანი, ცოტნე გამსახურდია, გიორგი დემეტრაძე, გიორგი ზერეკიძე, ანრი ჯოხაძე, ნორა კვიციანი, ზურაბ შალიკიანი, მელორ ვაჩნაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, შოთა იამანიძე, ვახტანგ მაისაია, სულ 174 ადამიანი.
ცენტრში აცხადებენ, რომ შესაძლოა პოლიტპატიმრების რაოდენობა მეტი იყოს და მათ პოლიტიკური დევნის სხვა ფაქტების შესახებ, სრული და ამომწურავი ინფორმაცია არ ჰქონდეთ. „სიაში ასევე არ არის შესული ადმინისტრაციული დაკავების ფაქტები და პოლიტიკურ დევნაში (უცხოეთში) მყოფი პირების შესახებ ინფორმაცია. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს ხელისუფლებისგან პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ, უპირობო და ღირსეულ გათავისუფლებას, რაც შეუძლებელია მიღწეული იყოს პრეზიდენტის მხრიდან მათი „შეწყალების“ შემთხვევაში“,- ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის შეფასებით, საქმეების ხელახალ სასამართლო განხილვამდე, სიაში დასახელებული პირები უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. ასევე, სასამართლომ უნდა განიხილოს და აღადგინოს დარღვეული უფლებები ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ამასთან, უნდა მოხდეს მათი რეაბილიტაციის საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტის უახლოეს სესიაზე.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიმართავს ახლად არჩეულ პარლამენტს, ამ საკითხის მოსაგვარებლად მიიღოს სპეციალური ნორმატიული აქტი და ოფიციალურად მოხდეს ამ პირების პოლიტიკურ პატიმრებად აღიარება.