ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში 24 ივნისს მომხდარი ინციდენტის შედეგად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის გამომძიებლის, კოხტა კოდუას დაშავების შესახებ „პრესაგე.ტვ“ უკვე წერდა. გახმაურდა ისიც, რომ ძარცვაში ეჭვმიტანილმა მე-12 კლასის მოსწავლემ, ნიკა დაგარგულიამ პოლიციის მაღალჩინოსანს სამმართველოს უფროსის, რუსლან შამახიას კაბინეტში თავ-ყბა გაუტეხა. ითქვა, რომ არასრულწლოვანს კოდუასთან ანგარიშსწორება გაუპატიურების მუქარამ გადააწყვეტინა.
„პრესაგე.ტვ“-სთან ბრალდებულის დედა, ლალი ბენდელიანი აცხადებდა, რომ „შვილის დაკავების შესახებ პოლიციიდან ღამის 11 საათზე შემატყობინეს. ანუ, მას შემდეგ, რაც ნიკა 6 საათის განმავლობაში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ჰყავდათ გამოკეტილი და სასტიკად აწამებდნენ. იქ მისულებს ნიკა სამხარეო პოლიციაში გადაყვანილი დაგვხვდა. ბავშვის ნახვის უფლება პოლიციამ არ მომცა. ვნახე მხოლოდ სამი დღის შემდეგ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, როცა მას პატიმრობა შეუფარდეს.
ვნახე გატანჯული შვილი და კიდევ უფრო დიდი საშინელება მოვისმინე. სასამართლო დარბაზში ნიკა ყვებოდა, თუ როგორ სცემდა მას ზუგდიდის სამმართველოში 6 პოლიციელი. განსაკუთრებული სისასტიკით კი ერთ–ერთი პოლიციელი, კოხტა კოდუა გამოირჩეოდა. რა არ აკადრეს თურმე, აფურთხებდნენ, პანღურს ჰკრავდნენ და რაც ყველაზე ამაზრზენია, ერთს უთქვამს, მიაკარით მაგიდაზე და ვიხმაროთო. ამ სიტყვების გაგონებაზე საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე და ხელი მეც ავღმართეო. ვიფიქრე, ალბათ მკლავენ და სულერთია ყველაფერიო.
მანამდე ძლიერი დარტყმები მუცლისა და თავის არეში უგრძვნია. გონება დაუკარგავს. პოლიციაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა მისულა. სამედიცინო დახმარების გაწევამდე ექიმებს ხელბორკილების ახსნა მოუთხოვიათ. ხელების გათავისუფლების შემდეგ ნიკას უკანასკნელი ძალ–ღონე მოუკრებია და კოხტა კოდუასათვის მუშტი ყბაში ჩაურტყამს. იგი წაქცეულა და თავი მაგიდის კიდეზე დაურტყამს. იმ სასწრაფოთი, რომელიც ჩემი შვილის დასახმარებლად გამოიძახეს, საავადმყოფოში კომაში მყოფი კოდუა გადაუყვანიათ“.
ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში კოხტა კოდუამ რამდენიმე დღე დაჰყო. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას ყბისა და თავის ქალის მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა აღენიშნებოდა. მანამ, სანამ კოდუაზე ზუგდიდელი ექიმები განსაკუთრებულად ზრუნავდნენ, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას კი დაგარგულიას ოჯახმა დიდი მცდელობის მიუხედავად ვერ მიაღწია.
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დაგარგულიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ძარცვას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ნიკა დაგარგულია თავს დამნაშავედ მხოლოდ ძარცვის ნაწილში ცნობს, ხოლო პოლიციელის სხეულის განზრახ დაზიანების ფაქტს უარყოფს.
დაგარგულიას საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 15 სექტემბერს დაწყებულ პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციელმა, იბრაგიმ გვიჩიანმა მსჯავრდებულის მიერ მოქალაქე ალისა ჩხაპელიასგან ოქროს ყელსაბამის წაგლეჯვის ფაქტის აღიარება დაადასტურა და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილს დაკავებისას არც წინააღმდეგობა გაუწევია. მოსამართლე რომან ხორავას მიერ დასმულ კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა სამხარეო პოლიციის გამომძიებელი კოდუა ზუგდიდის სამმართველოში და რა გახდა ინციდენტის მიზეზი, იბრაგიმ გვიჩიანმა განაცხადა, რომ დაკავებულმა ოთახში შემოსულ კოხტა კოდუას მოულოდნელად შეაგინა და სახეში მუშტი ჩაარტყა. ეჭვმიტანილის ხელბორკილების გარეშე ყოფნა კი მოწმე პოლიციელმა ჩვენებაზე ხელისმოწერის აუცილებლობით ახსნა.
ბრალდების მხარეს სასამართლო სხდომაზე სხვა მოწმეები არ წარმოუდგენია. პროკურორმა ლევან საჯაიამ პოლიციელ ხვიჩა ლაგვილავას გამოუცხადებლობა პროფესიული წვრთნების მისაღებად ქალაქ რუსთავში ყოფნას დაუკავშირა. დაზარალებული ჩხაპელია კი დასასვენებლად გამგზავრებულა, ხოლო კოხტა კოდუა განცხადებით იტყობინებოდა, რომ მივლინებით დედაქალაქში იმყოფება.
„პრესაგე.ტვ“-სთვის ცნობილი გახდა, რომ ეს „სამუშაო ვიზიტი“ შესაძლოა კოდუასათვის „ხანგრძლივი“ აღმოჩნდეს, რადგან „რეპუტაციაშელახულ“ და „გალახულ“ პოლიციელს თავს როლანდ ახალაიას რისხვა დასტყდომია. ერთ-ერთი ინფორმაციით, კოხტა კოდუა ძალოვანი სტრუქტურიდან სწორედ საოლქო პროკურორის კატეგორიული მოთხოვნით გაათავისუფლეს, თუმცა „წმინდა გიორგისა“ და „დავით აღმაშენებლის“ ორდენების კავალერ კოდუას მფარველები მაინც გამოსჩენია და სენაკის პოლიციის სამმართველოს რიგებში აღმოჩენილა.
დაგარგულიას ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი იცავს. რევაზ თოფურიას განცხადებით კოხტა კოდუას ცემის ფაქტი გამოძიების მასალებში ფიგურირებს, თუმცა დაგარგულიას ცემასა და გაუპატიურების მცდელობაზე არაფერია ნათქვამი. ადვოკატმა საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით ზუგდიდის პროკურატურას უკვე მიმართა და იგი განხილვის სტადიაშია. ნიკა დაგარგულიას მშობლები მზად არიან შვილის თავისუფლების სანაცვლოდ საპროცესო გარიგების შემთხვევაში 2000 ლარი გადაიხადონ და 4 -წლიან პირობით მსჯავრს დასჯერდნენ. საქმის განხილვა 28 სექტემბერს განახლდება, სადაც სავარაუდოდ, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილების შესახებ გახდება ცნობილი. ნიკა დაგარგულია ამჟამად სასჯელს ქუთაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #2 დაწესებულებაში იხდის.