დიმიტრი ლორთქიფანიძე: როგორც ჩანს „ქართული ოცნების“ შიგნით, არსებობს ძალა,  ვისაც „თავისუფალი საქართველოს“ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს

დიმიტრი ლორთქიფანიძე: როგორც ჩანს „ქართული ოცნების“ შიგნით, არსებობს ძალა, ვისაც „თავისუფალი საქართველოს“ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს

„თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებში ისეთი ძალის არსებობას არ გამორიცხავს, რომელსაც „თავისუფალი საქართველოს“ მიღება კატეგორიულად არ სურს.

როგორც ლორთქიფანიძემ From.ge სთან საუბარში განაცხადა, ეს ძალა ნამდვილად არ არის ბიძინა ივანიშვილი, რადგან მისი თქმით, ის როგორც მის მიმართ, ასევე კახა კუკავას მისამართით, ყოველთვის გამოხატავდა პატივისცემასა და პოზიტიურ დამოკიდებულებას.

„როგოც ჩანს კოალიციის შიგნით, არსებობს ისეთი ძალა,  ვისაც ჩვენს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. შესაძლოა ეს მკვეთრად გამოხატული ლიბერალური ღირებულებებისადმი ერთგულების გამო გააჩნიათ, თუმცა ეს არ გამორიცხავს ჩემს პოლიტიკაში მონაწილეობას. მეტიც, ეს არის გამოწვევა ჩემთვის, როგორც ეროვნული ღირებულებებისა და ფასეულობებისადმი პრინციპების ერთგულების გამომხატველი პოლიტიკოსისა, მივიღო არჩევნებში მონაწილეობა“, - განაცხადა მან.

ლორთქიფანიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი იყო და საკმაოდ აქტიურადაც აწარმოებდა რეგიონებში მიმდინარე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას, მისთვის მაინც აბსოლუტურად მოულოდნელი იყო კოალიციის მხრიდან „თავისუფალი საქართველოს“ მისამართით გაკეთებული განცხადებები. 

მისი განმარტებით, აღნიშნული ბრალდებები უსაფუძვლოა და ამიტომ კოალიციისგან განცხადებების დასაბუთებას მოითხოვს.

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის, „ახალი მემარჯვენეების“ „ლეიბორისტული პარტიისა“ და ზოგიერთი სხვა პარტიების მიმართ კოალიციის უნდობლობის საკითხი გასაგებია. მათ აქვთ არგუმენტები და ნათელია, რომ ისინი პოლიტიკური თვალსაზრისით „ქართული ოცნებასთან“ დაპირისპირებულნი არიან. გასაგებია ჯონდი ბაღათურიასთან დაკავშირებული დამოკიდებულებაც. მასზე კონკრეტდება რაღაც მიზეზები, რომელიც მისთვის შეთავაზებებსა და მისგან უარის თქმას უკავშირდება. მაგრამ „თავისუფალი საქართველოს“ მიმართ გამოთქმული პრეტენზიები ერთი არგუმენტით მაინც არ არის გამყარებული“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

რაც შეეხება მისი მხრიდან არჩევნებში „თავისუფალი საქართველოს“ სახელით კენჭისყრას, ლორთქიფანიძის განმარტებით, ის არ აპირებდა 4 წლიანი საპარლამენტო ცხოვრების შემდეგ განზე გადგომას. მისი თქმით, არჩევნებში თუნდაც იმიტომ უნდა მიეღო მონაწილეობა, რომ ამით განესაზღვრა მისი პოლიტიკური საქმიანობისთვის საზოგადოების ნდობის რეიტინგი.

„თავისუფალი საქართველოს“ მხრიდან კი კენჭს იმიტომ ვიყრი, რომ დარწმუნებული ვარ როგორც „ქართული ოცნება“ არის დამოუკიდებელი ოპოზიცია, ისეთივეა „თავისუფალი საქართველო“. ამაში ეჭვი არ ეპარება არავის, მათ შორის არც „ქართული ოცნების“ ბევრ წარმომადგენელს. ამის ფონზე კი განაცხადებები, რომელიც ჩემი მომავლის განადგურებას ეხება, სავსებით მიუღებელია“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები აღმაშფოთებელია.

ამასთანავე ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ  არის საკითხები, რომელზეც 1 ოქტომბრამდე ვერ ისაუბრებს, რადგან ამით შესაძლებელია საკითხის დრამატიზირება მოხდეს, რამაც შესაძლოა ამომრჩეველი დააბნიოს.

„წინასაარჩევნოდ არ მინდა ხმამაღალი განცხადებების გაკეთება. არ მინდა გარკვეული ფრაზეოლოგიით ამომრჩევლის უნებლიე დაბრკოლება მოვახდინო და გარკვეული სუბიექტების მიმართ ამომრჩევლის დამოკიდებულება  დავაბრკოლო. თუმცა ეხლა რა განცხადებაც გავაკეთე ესეც ინტრიგის შემცველია“, - დასძინა მან.