საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების წევრები ციხეებში პატიმრების მიმართ განხორციელებულ ზეწოლებისა და არაადამიანურ ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ისინი შეძრწუნებას გამოხატავენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარ ფაქტებზე და აქციის მონაწილე სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებენ.
განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
შეძრწუნებულები ვართ ციხეებში ადამიანებისა და ადამიანობის გადათელვის იმ შემზარავი კადრებით, რაც ბოლო დღეებში იხილა საქართველომ. საპყრობილეებში გამეფებული ველური წესები არა მარტო კონკრეტულ პიროვნებებს შეეხო, არამედ დაღი დაასვა საქართველოს ზნეობრივ სახეს. ამასთან შეგუება შეუძლებელია. უნდა ვიცოდეთ, რომ ოცდამეერთე საუკუნე ასპარეზს არ დაუტოვებს იმ ერს, რომლის წიაღშიც ასეთი სიველურე იბადება და რომელსაც არ შეუძლია მისი აღკვეთა.
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე გაემიჯნოს ამ არაადამიანურ ქმედებებს, თუმცა, ადრე იგი ყრუ იყო, როცა საერთაშორისო და ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები ავრცელებდნენ ინფორმაციას მრავალ შემზარავ ფაქტზე. ხელისუფლება ბოლომდე ყრუ რჩება მართლმსაჯულების, განათლების, მეცნიერების და ჩვენი სხვა მრავალი ძირითადი ფასეულობის მუდმივი გადათელვისას. ეს ფაქტები თვალით არ აღიქმება, მაგრამ გონებისა და გულისათვის უტყუარი და შემზარავია. ცხადია, რომ ადამიანურობის წინაშე დანაშაულებების ჩამდენი ხელისუფლება საკუთარ თავს ადეკვატურ განაჩენს ვერ გამოუტანს. ასეთი განაჩენი მას პირველ ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ უნდა გამოუტანოს.
სასწორზეა შეგდებული საქართველოს მომავალი, რომლისთვისაც ძნელბედობა ახალი არ არის. ღვთის წყალობით, კრიტიკულ მომენტში ჩვენში ყოველთვის იმძლავრებდა თვითგადარჩენის ინსტიქტი და „კლდიდან გადაჩეხვის პირზე“ მყოფი ერი განსაცდელს უმკლავდებოდა. იმედია, ამჟამადაც აიცილებს საქართველო მოვლენათა მომაკვდინებელ მსვლელობას. ქვეყნის თვითგადარჩენის ინსტიქტი:
ეს ჩვენი ახალგაზრდობაა, რომელიც ვერ შეეგუა ადამიანობის ველურად გადათელვას და გულანთებული გამოვიდა სინათლისა და სიწმინდის დასაცავად;
ეს ის ძალაა, რომელმაც უკვე ერთი წელია სული შთაბერა და გააერთიანა დაქსაქსული საზოგადოება;
ეს უნდა გახდეს ჩვენი უნარი, რომ გონებითა და გულით განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი, როდესაც პირველ ოქტომბერს დავდგებით არჩევანის წინაშე.
რ. ბანცური; ნ. ბერიკაშვილი; ხ. ინასარიძე; ა. კვინიხიძე; ი. კიღურაძე; ვ. კოკილაშვილი; ჯ. ლომინაძე. ე. ნადარაია; გ. ჩაგელიშვილი; ნ. ცინცაძე; ა. ხარაზიშვილი; გ. ხარაძე; ა. ხელაშვილი