კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ეკა ბესელია ფოტო და ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ცესკოს სამარცხვინო ნაბიჯად აფასებს.
როგორც ბესელიამ For.ge -ს პრესკლუბში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ხელისუფლება ცდილობს ეს გადაწყვეტილება კომპრომისულ და შეთანხმებულ ნაბიჯად გაასაღოს, თუმცა მისი თქმით, რეალურად ამის მიღმა „მზაკვრული განზრახვა“ იმალება.
„რეალურად ხელისუფლება ცდილობს მედიისა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს დაკვირვების საშუალება შეუზღუდოს. ხელისუფლების მიზანია, ამ დამკვირვებლებმა ხმის მიცემისა და დათვლის შესაძლო დარღევების კონკრეტული მტკიცებულებები ვერ მოიპოვონ“, - განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, ამის გამომწვევი მიზეზი სააკაშვილის შიშია. ბესელიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტი მზად არ არის დამოუკიდებელი არჩევნები ჩაატაროს და აღნიშნა, რომ სწორედ ამის გამო ცდილობს არჩევნების დღეს გარკვეული შეზღუდვები შემოიღოს.
გარდა ამისა, კოალიციის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ დაფიქსირებულმა პოზიციებმა, მათი რეალური სახე წარმოადგინეს.
„მათ თავიანთი თავის ლუსტრირება მოახდინეს. ასეთ ვითარებაში ინგა გრიგოლიას ნაბიჯი - მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან საკუთარის თავის მოხსნა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან ზუსტად შეაფასა შექმნილი მდგომარეობა და მიიღო ძალინ სერიოზული, ადექვატური და პრინციპული გადაწყვეტილება.“, - განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და საზოგადოებისა თუ პოლიტიკური პარტიების იმ ნაწილს, რომლებიც დღემდე ხელისუფლების სახელით გამოდიოდნენ, გონს მოსვლისაკენ მოუწოდა.
„სირცხვილია დღეს ატარებდა 5 ნომრიან მაისურს და გამოდიოდე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. ეს ის დროა, როდესაც ყველამ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი. ამიტომ დროა მათაც მიიღონ ადექვატური გადაწყვეტილებები“, - დასძინა მან.