“კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ხელისუფლებას ადმინისტრაციულ პატიმრობაზე გაეროს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს

“კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ხელისუფლებას ადმინისტრაციულ პატიმრობაზე გაეროს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ხელისუფლებას გაეროს სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასულ წელს გაეროს სამუშაო ჯგუფი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

სამუშაო ჯგუფის წევრები საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ჯგუფის წევრები, ასევე იმყოფებოდნენ თავისულფების აღკვეთის დაწესებულებებში და 154 დაკავებული მოინახულეს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამუშაო ჯგუფმა ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ ანგარიში და რეკომენდაციები მოამზადა.

რეკომენდაციებში განსაკუთრებული ყურადღება პირის დაკავების პროცედურებს ეთმობა. ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, დაამკვიდროს პრაქტიკა, რომ თითოეულ დაკავებულს დაუყოვნებლივ აცნობოს მისი დაკავების მიზეზები და განუმარტოს უფლებები. აუცილებელია, პირს დაკავებისთანავე შეეძლოს ადვოკატის სურვილისამებრ შერჩევა, არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში საჩივრის წარდგენა. ამასთან, სახელმწიფომ საპატიმროების მონიტორინგის პროცესში სრულყოფილი გამოძიების წარმოება და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს. ხოლო, მართლმსაჯულების სისტემის მიუკერძოებლობისა და კანონის უზენაესობის პრინციპის განსამტკიცებლად, მნიშვნელოვანია, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა.

გაერო-ს სამუშაო ჯგუფი ხელისუფლებას რეკომენდაციას უწევს, რომ სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის არასაპატიმრო სახე გამოიყენოს და ადმინისტრაციული პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეუფარდოს. ამასთან, ჯგუფი პატიმრობის 90-დღიანი ვადის შემცირების რეკომენდაციას იძლევა.

საქართველო, როგორც გაერო-ს წევრი ქვეყანა და ადამიანის უფლებათა მრავალი საერთაშორისო კონვენციების ხელშემკვრელი მხარე, კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზეა პასუხისმგებელი.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ხელისუფლებას გაეროს სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს. ამასთან, „42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, განსაკუთრებული პასუხისმგელობით ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების საკითხს მოეკიდოს და ადმინისტრაციული სახდელის არასპატიმრო სახის გამოყენება პრაქტიკაში დაამკვიდროს.