ობამას ცივი ომი? 2018 წელს რუსეთის საზღვრებთან რაკეტები განთავსდება

ობამას ცივი ომი? 2018 წელს რუსეთის საზღვრებთან რაკეტები განთავსდება


დღევანდელი სიტუაცია, რა თქმა უნდა, კარიბის კრიზისი არ არის, თუმცა, ამერიკული რაკეტები ასე ახლოს რუსეთის საზღვრებთან ბოლოს 1961 წელს, ჯონ კენედის დროს იდგა. მაშინ შეერთებულმა შტატებმა თურქეთში საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები განათავსა. საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრიუშჩოვი იძულებული გახდა კუბაში სარაკეტო ბაზები აეშენებინა, რათა კუნძული ამერიკელების მხრიდან იქ გადატრიალების მოწყობის მცდელობებისგან დაეცვა. შედეგად ორ ზესახელმწიფოს შორის ცივი ომი გამწვავდა.

მაგრამ ამჯერად, პრეზიდენტ ობამას თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ რაკეტებს კიდევ უფრო ახლოს განათავსებს. შვიდი წლის განმავლობაში შეერთებული შტატები კომპანია Raytheon-ის SM-3-ის ახალი საძიებო რაკეტების განთავსებას პოლონეთში, კალინინგრადიდან (რუსული ანკლავი) დაახლოებით 50 მილში გეგმავს. იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მის მთავრობას სულაც არ გაუხარდა იმის გაგება, რომ ამერიკელი სამხედროები ამ ადგილას მუდმივი ანტისარაკეტო თავდაცვითი ბაზის შექმნას გეგმავენ. კალინინგრადი თავისუბურად უნიკალურია. ის უშუალოდ რუსეთის ტერიტორიასთან დაკავშირებული არ არის.

SM-3ტიპის რაკეტები პოლონეთში, „რედზიკოვოს“ სამხედრო ბაზაზე, ბალტიის ზღვისა და ლიტვის საზღვართან ახლოს განთავსდება.

„რაც შეეხება ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის და აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების დანაყოფების განთავსებასთან დაკავშირებულ გეგმებს, ბუნებრივია, ეს პრობლემა ჩვენ არ გვაღელვებს“, – განაცხადა ხუთშაბათის პრესკონფერენციაზე მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელემა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ მარტში დაადასტურა ის, რომ ამერიკა პოლონეთში რაკეტების განთავსებას გეგმავდა. თუმცა ახლა გეგმებში წინსვლაა. როგორც აშშ-მ და პოლონეთმა ერთობლივ განცხადებაში თქვეს, ხუთშაბათს პოლონეთის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა იმ აუცილებელ შეთანხმებას, რომლის თანახმად რაკეტები 2018 წელს განთავსდება.

პოლონეთში საძიებო რაკეტების განთავსება – ანტისარაკეტო თავდაცვისადმი ევროპული ეტაპობრივად ადაპტირებადი მიდგომის (EPAA) ნაწილია, რომელიც პრეზიდენტმა ნატოელი მოკავშირეების დაცვისთვის გამოაცხადა. ახალი მიდგომის შესახებ საჯაროდ 2009 წელს ითქვა. ეს პროექტი ოთხ ეტაპად განხორციელდება. საძიებო რაკეტების პოლონური ბაზა (ამ რაკეტებმა უნდა აღმოაცინონ შუალედურ და საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები) და დამატებითი სახმელეთო ბაზა – მესამე ეტაპის ნაწილია.

„პოლონეთი საძიებო რაკეტების მიღებას 2009 წლის ოქტომბერში დათანხმდა და ახლა, როდესაც პოლონურმა მხარემ დაასრულა რატიფიკაციის პროცესი, ეს შეთანხმება კანონიერ ძალაში შევიდა“, – განაცხადა თეთრმა სახლმა ხუთშაბათს გამოქვეყნებულ საინფორმაციო მასალაში.

თეთრმა სახლმა იმაზეც მიანიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებამ არ უნდა გააკვირვოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„მნიშვნელოვანია იმის აღნიშნვნა, რომ პრეზიდენტი, რომელმაც გამოაცხადა ევროპული ეტაპობრივად ადაპტირებადი მიდგომის შესახებ, მიესალმა ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში რუსეთთან თანამშრომლობას“, – განაცხადა მან. „ჩვენ ამ ფრონტზეც მივაღწიეთ წარმატებას. 2010 წელს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე, ნატომ და რუსეთმა პირობა დადეს, რომ ანტისარაკეტო თავდაცვასთან დაკავშირებით თანამშრომლობის შესაძლებლობას შეისწავლიან. რუსეთთან ქმედითი თანამშრომლობა გაზრდის ორივე მხარის ტერიტორიული ანტისარაკეტო თავდაცვის ეფექტურობას და განამტკიცებს რუსეთის და ნატოს უსაფრთხოებას“.

აშშ და რუსეთი განაგრძობენ ასევე ანტისარაკეტო თავდაცვაზე თანამშრომლობას მაღალი დონის სამუშაო ჯგუფების მეშვეობით, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ს თავდაცვის სამინისტროც შედის. ცივი ომი, რა თქმა უნდა, დასრულებულია.

სარაკეტო ბაზის სამიზნე ირანი და არა რუსეთია. შარშან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის პროგრამის სამიზნე ირანის საფრთხის შეკავებაა.

Raytheon-მა SM-3 ტიპის რაკეტები შეიმუშავა, როგორც ანტისარაკეტო თავდაცვის სააგენტოს მიერ „იჯისის“ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის სისტემა. დღევანდელი დღისთვის შეიარაღებაში მიღებულია SM-3-ის ტიპის 130 რაკეტა. რაკეტებს ამერიკელი და იაპონელი სამხედრო ფლოტები შუალედურ და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების საფრთხისგან დაცვისთვის იყენებენ.
foreignpress.ge