"ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ მოწყობილ სადამსჯელო სპეცოპერაციაში, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 2000-ზე მეტი ადამიანი სასტიკად იქნა ნაცემი და დასახიჩრებული, ხოლო 1500-ზე მეტი ადამიანი უკანონოდ დაპატიმრებული და ნაწამები, განსაკუთრებული სისასტიკით სწორედ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცნაზი და ზონდერბრიგადების წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ. აღნიშნული გუშინ, სტუდია ობიექტივის ღამის ეთერში დაადასტურა ვლადიმერ ბედუკიძემ”,-აცხადებს დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
როგორც from.ge-სთან საუბრისას ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა: ეს ის ჯალათები არიან, რომლებმაც გაკოჭილი ადმიანები ჯერ რუსთაველზე სცემეს, შემდეგ პოლიციის მთავარ სამმართველოში წაიყვანეს და იქიდანაც დამატებით უმოწყალოდ ნაცემი და ნაწამები გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ეს კადრები ყველამ პირდაპირ ეთერში იხილა“.
„ჩვენ,„სახალხო კრების“ ლიდერები ამის შესახებ პრაქტიკულად ყოველდღიურად საუბრობდნენ, თუმცა სამწუხაროდ არც ქართული საზოგადოების ნაწილმა და არც დასავლეთმა ყურად არ იღო ჩვენს მიერ არაერთხელ გაცხადებული“- განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ.
ნინო ბურჯანაძის თქმით, 2011 წლის 26 მაისს მთელმა მსოფლიომ პირდაპირ ეთერში უყურა საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების მიერ დანაშაულებრივად დაგეგმილ სასტიკ სადამსჯელო სპეცოპერაციას, როდესაც მშვიდობიან მომიტინგეებს არ დაუტოვეს არც ერთი გასასვლელი გზა და აქციის ალყაში მოქცეულ მონაწილეებს არაადამიანურად უსწორდებოდნენ სწორედ ის ჯალათები, რომლებიც, როგორც დადასტურდა, წლების მანძილზე, ასევე საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი ბრძანებით, ციხეებში უმოწყალოდ აწამებდნენ პატიმრებს, რისი დამასატურებელი ვიდეომასალაც უკვე მთელი მსოფლიოსათვისაა ცნობილი.
როგორც ცნობილია, „სახალხო კრების“ და „დემოკრატიული მოძრაობის“40 წევრი დღემდე რჩება საპატიმროებში არაადამიანურ პირობებში და მათი უმრავლესობა ასევე უკანონოდ ამ დრომდე სწორედ გლდანის მერვე საპყრობილეში იმყოფება.
„ჩვენ ვაცხადებდით, რომ ამ დამნაშავე რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველ დღეს და ყოველ საათს უბედურება მოაქვს. 2011 წლის 26 მაისს რომ ჩვენდამი ელემენტარული სოლიდარულობა ყოფილიყო, რეალურად შეგვეძლო არსებული რეჟიმის მშვიდობიანად მოშორება. ზოგიერთები ჩვენ გვსაყვედურობდნენ, რომ ვჩქარობდით რეჟიმის შეცვლას. დიახ ვჩქარობიდით! რამდენი ადამიანი გადაურჩებოდა ხელისუფლების სისასტიკეს, რამდენი პატიმარი გადაურჩებოდა წამებას, რამდენი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენდით ერთი წლის წინ რომ შეგვეცვალა ეს ხელისუფლება?“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ და საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის ნაწილმა, არ მოახდინეს ადექვატური რეაგირება ზემოაღნიშნულ ფაქტებზე და ქვეყანაში შექმნილ რეალურ მდგომარეობაზე, რაზეც ინფორმაციას „სახალხო კრება“ მათ სისტემატიურად აწვდიდა, უფრო მეტიც ბევრი მათგანი ჯიუტად საუბრობდა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და დემოკრატიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.
„იმედია საერთაშორისო საზოგადოება ახლა მაინც, ქმედით ნაბიჯებს გადადგამს და გაითვალისწინებს ქართველი ხალხის ნებას.
საქართველო არ შეეგუება ნეობოლშევიკურ რეჟიმს, საქართველოს ხალხის სურვილია იყოს თავისუფალი და ღირსეულად იცხოვროს ჭეშმარიტად დემოკრატიულ ქვეყანაში. ამ რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნის ყველა დღე ანგრევს ქვეყნის მომავალს და ადამიანთა ბედს!“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.