საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლოპოტას სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამხედრო ექიმის ვლადიმერ ხვედელიძის ოჯახსა და რამდენიმე ასმეთაურს დაპირებული ბინები გადასცა.
პრეზიდენტი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებს სამხედრო ქალაქში შეხვდა და მათ წინაშე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, ამ ადამიანებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს როგორც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში.
„დღეს ჩვენ ბინებს გადავცემთ ასმეთაურებს, ასევე სხვადასხვა ოპერაციებში დაღუპული და დაჭრილი სამხედროების ოჯახებს. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს კონცეფცია, რომ ჩვენ ჩვენს მებრძოლებს არსად არ ვტოვებთ. ლოპოტას ხეობაში ძალიან საშიში ჯგუფის განეიტრალებაში კაპრალი და ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე შეეწირა სწორედ იმას, რომ თავისი დაჭრილი თანამებრძოლი ბრძოლის ველიდან გამოეყვანა. ეს არის ზუსტად ის, რაზეც ჩვენი ქვეყანა დგას. ამიტომ მე მინდა, პირველ რიგში, ვლადიმერ ხვედელიძის ოჯახს ბინის გასაღები გადავცე", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ბინების გასაღებები გადასცა ასევე კაპრალ ბესიკ ბურდულს, ვიცე-პოლკოვნიკ ზურაბ გელაძეს და მაიორ ბექა ამბროლაძეს.