საქალაქო სასამართლო პატიმრების წამების საქმეზე დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა. მათივე ცნობით, კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ განზრახი, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენა, რომელიც ატარებდა ძალადობრივ ხასიათს, რის გამოც არსებობს ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, მათ მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის, ასევე, მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება.
სასამართლოს განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს, 2012 წლის 20 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა, საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის გაგა მკურნალიძის, ასევე თბილისის #8 საპყრობილის დირექტორის დავით ხუჭუას და მისი მოადგილის ვიქტორ ყაჭეიშვილის, თბილისის #8 საპყრობილის თანამშრომლების: ბორის ფარულავას, მანუჩარ ლომთაძის, გიორგი კვარაცხელიას, ლევან ფურცხვანიძის, ლევან ფხალაძის, ოლეგ ფაცაციას, კობა ჩიკვატიასა და გურამ ცომაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების შესახებ.
ბორის ფარულავას, ლევან ფურცხვანიძესა და ლევან ფხალაძეს, ბრალად ედებათ: წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, მორალურ და ფსიქიკურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დაშინება, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ; გაგა მკურნალიძეს, დავით ხუჭუას, მანუჩარ ლომთაძეს, გიორგი კვარაცხელიას და ვიქტორ ყაჭეიშვილს, ბრალად ედებათ: პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი და მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლება-შეზღუდული პირის მიმართ;
ოლეგ ფაფაციას და გურამ ცომაის ბრალად ედებათ: წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, მორალურ და ფსიქიკურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დაშინება, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ; კობა ჩიკვატიას ბრალად ედება: წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, მორალურ და ფსიქიკურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დაშინება, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული ორი და მეტი პირის მიმართ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ.
სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა. კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ განზრახი, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენა, რომელიც ატარებდა ძალადობრივ ხასიათს, რის გამოც არსებობს ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, მათ მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის, ასევე, მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ბრალდებულებს: ბორის ფარულავას, გაგა მკურნალიძეს, დავით ხუჭუას, მანუჩარ ლომთაძეს, გიორგი კვარაცხელიას, ლევან ფურცხვანიძეს, ლევან ფხალაძეს, ოლეგ ფაცაციას, ვიქტორ ყაჭეიშვილს, კობა ჩიკვატიასა და გურამ ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2012 წლის 8 ნოემბერს, 11:00 საათზე", - აღნიშნულია განცხადებაში.