ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გლდანის #8 საპყრობილეში თავის შვილი, თამაზ თამაზაშვილი და რამდენიმე პატიმარი მოინახულა. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ თავად ჭკადუამ განაცხადა.
მისი თქმით, პატიმრებს ვიზუალურად ცემის კვალი არ ეტყობოდათ, თუმცა აღნიშნა, რომ პატიმრები შეშინებულები მოეჩვენა.
„მიუხედავად იმისა, რომ მათ ცემის კვალი არ ეტყობათ, მათი უფლებები ირღვევა იმის გამო, რომ ამ ამბების შემდეგ მათ არც პრესა მიეწოდებათ და არც რადიოს მოსმენის საშუალება არა აქვთ, ისინი სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში არიან“, - განაცხადა ჭკადუამ.
მისივე თქმით, პატიმრებს, რომლებსაც გუშინ ფანჯრები ამოუჭედეს, ფანჯრები გუშინ საღამოსვე გაუღეს.
რაც შეეხება გლდანის ციხესთან არსებულ ვითარებას, ცოტა ხნის წინ პატიმრების ახლობლებმა სასჯელაღსრულების მანქანას დაწესებულებიდან გამოსვლის საშუალება არ მისცეს. პატიმრების ახლობლები ეჭვობენ, რომ შესაძლოა ნაცემი პატიმრები გლდანის ციხიდან სხვა ციხეებში გადაიყვანონ და მათ ამით მოძებნა გაუჭირდეთ.