სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ახალი მინისტრის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, პრეზიდენტისგან მინისტრის თანამდებობის შეთავაზება მისთვის მნიშვნელოვანი და მოულოდნელი იყო.
მისი თქმით ძალიან უჭირს იმ უწყების დატოვება, რომელსაც სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თუმცა აღნიშნა, რომ მზად არის გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია, რომელიც მის მიერ არის შემუშავებული.
„აქამდე მე არ მქონდა კომპეტენცია, რაღაც გამომესწორებინა. ჩემი თანხმობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ სისტემაში რადიკალური ცვლილებების საშუალება მომეცემა და ყველა პატიმრის უფლებებს დავიცავ. ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა და ჩემთვის დიდი მოტივაციის მომცემია, ხელი შევუწყო ისეთი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც მინიმუმამდე დავა პატიმრების პრობლემები", - განაცხადა ტუღუშმა.
ახალი მინისტრის თქმით, პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობა სისტემაში ერთადერთი პრობლემა არ არის. როგორც გიორგი ტუღუშმა განაცხადა, არასახარბიელო მდგომარეობაშია ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურაც. თუმცა აღნიშნა, რომ დაიწყებს არასათანადო მოპყრობისა და ყველა პრობლემების ეტაპობრივად აღმოფხვრას.
ახალი მინისტრის განმარტებითვე, მისი პრიორიტეტი იქნება სისტემის გადახალისება და თანამშრომლობა ყველასთან, ვინც ამ სფეროში აქტიურად არის ჩართული.
„ჩემი მინდა, მივიღოთ სისტემა, რომელზეც საუბარი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. ის უნდა ემსახურებოდეს პირთა რესოციალიზაციას და არა მათი ღირსების შელახვას და საზოგადოებაში ტრავმირებულ დაბრუნებას. პრეზიდენტი სისტემაში სრულ თავისუფლებას დამპირდა, დამჭირდება არაერთი ახალი თანამშრომელი და მზად ვარ, გავითვალისწინო ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჩემს მიერ არის შემუშავებული. მზად ვარ, ჩემივე დაწერილი თვითონვე შევასრულო", - აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.
ახალმა მინისტრმა ხაზი სფეროს დაფინანსების გაზრდის მნიშვნელობასაც გაუსვა. მისი განცხადებით, აუცილებელია, სისტემის დაფინანსება გაიზარდოს და მოხდეს დამატებითი რესურსების მოზიდვა.
„ვიზრუნებ, რომ გაიზარდოს პრობაციის სერვისის მუშაობა და პატიმრების რიცხვი შემცირდეს. მინდა დავაიმედო მშობლები, რომ მათი პატიმრები მაქსიმალურეად დაცული იქნებიან. ბევრი განცვიფრდა ალბათ, რატომ დავთანხმდი ამ პოსტს. აქამდე პრობლემებზე ვწერდი. ბევრი ჩემი რეკომენდაცია მოწოდებად დარჩა. ახლა კი მომეცემა საშუალება მოვაგვარო ყველაფერი, რაზეც აქამდე ვსაუბრობდი", - აღნიშნა ტუღუშმა.