შალვა შავგულიძე: ვპირდები  ქართულ საზოგადოებას, რომ გირგვლიანის საქმეზე ობიექტურ განაჩენს მოისმენენ

შალვა შავგულიძე: ვპირდები ქართულ საზოგადოებას, რომ გირგვლიანის საქმეზე ობიექტურ განაჩენს მოისმენენ

ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ადვოკატმა  შალვა შავგულიძემ  for.ge - ს პრესკლუბში დღეს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

შავგულიძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ-ჯერობით მათთვის არასასურველი  გარემოების  დადგომის ვადას ახანგრძლივებენ, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ საქმეში მონაწილე დამნაშავე პირებს პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება პირველი  ოქტომბრის არჩევნებამდე არ დაიწყოს და აღნიშნავს, რომ ამ მიზეზით მათ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან საბოლოო პოზიციის წარსადგენად დიალოგი აწარმოეს, დროის გახანგრძლივება მოითხოვეს,  ხოლო აქ,  კანონის ამოქმედება ორჯერ გადაავადეს.

„მოგეხენებათ, ამ საქმესთან დაკავშირებით,  ევროპის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა ცნო  და ხელისუფლებას მორალური ზიანის ანაზღაურების კუთხით 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. რაც მთავარია,  დადასტურდა,  რომ ამ საქმეზე გამოძიება და სასამართლო განხილვები არასრულად და  არაობიექტურად ჩატარდა.  ეს გადაწყვეტილება თავისი შინაარსით,  ამ საქმეზე ხელახალი გამოძიების და სასამართლო განხილვების ჩატარებას გულისხმობს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ცდილობდა და ცდილობს  ამას თავი აარიდოს. მათ გადაიხადეს 50 ათასი ევრო და  ამით შემოფარგვლას  ცდილობენ, თუმცა ჩვენ, მე და ჩემმა კოლეგამ დავით ჯანდიერმა ერთი წლის, წინ ოქტომბრის თვეში ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველ ორგანოს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მივმართეთ, რათა მათ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ეიძულებინათ საქართველოს ხელისუფლება ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება დაეწყოთ. მინისტრთა კომიტეტმა კი, ამ გადაწყვეტილების აღსრულებას განსაკუთრებული რეჟიმი მიანიჭა“, - განაცხადა შავგულიძემ.

შავგულიძის განცხადებით, ხელისუფლება სწორედ ამის შემდეგ,  დროის გაყვანის ტაქტიკას დაადგა.

ადვოკატის თქმით, ისინი შევიდნენ კომუნიკაციაში  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან და მათ ამ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებამდე, თუ რას აპირებდნენ ვადები მოითხოვეს.

„დროის გაყვანასთან ერთად, ჩვენმა ხელისუფლებამ  კიდევ სხვა ზომას მიმართა. ახალი საპროცესო კოდექსი, რომელიც 2010 წელს ამოქმედა ითვალისწინებს ნორმას, რომ  ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება არის  ახლად გამოვლენილი გარემოება,  რაც განაპირობებს განაჩენის გადასინჯვას აქ,  ადგილობრივ სამართალწარმოებაში.  ეს ნორმა ძალში 2012 წლის 1იანვრიდან უნდა შესულიყო, მაგრამ როდესაც მოახლოვდა ზაფხული  და ნახეს, ამ საქმეზე ხელახალი გამოძიების  დაწყება შესაძლებელი იყო, პარლამენტს სპეციალურ სესიაზე მიაღებინეს კანონი და ამ ნორმის ამოქმედება   1 ოქტომბრამდე გადაიტანეს“, - განაცხადა შავგულიძემ.

შავგულიძის განმარტებით, ამ ნაბიჯით ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი დაიზღვიეს. „რომ თუ  მინისტრთა კომიტეტი რაიმე რეაგირებას მოახდენდა პირველ ოქტომბრამდე, ისინი არ გამხდარიყვნენ იძულებულნი  დაეწყოთ გამოძიება და უფრო მეტიც,  მინისტრთა კომიტეტს რომც არ მოეხდინა,  ჩვენც შეგვეძლო დაგვეწყო გამოძიება,  როგორც ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო“, - აცხადებს შავგულიძე.

მისივე თქმით, აქ ვადებში შეზღუდვის მიუხედავად,  მოახერხეს და ადგილობრივი კანონის შესაბამისად, საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

„სხვადასხვა მცდელობების მიუხედავად, აუცილებლად ვპირდები ქართულ საზოგადოებას ამ საქმეზე ყველაფრისგან დამოუკიდებლად ჩატარდება გამოძიება და ქართული საზოგადოება ობიექტურ განაჩენს მოისმენს. უბრალოდ, შორს სწევენ  ამ გარდაუვალ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა შავგულიძემ.