"ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის შემზარავი და მასშტაბური ფაქტების მიმართ შექმნილი სამოქალაქო და პოლიტიკური მდგომარეობა უთუოდ მოითხოვს ცვლილებებს არა მხოლოდ მმართველობის სფეროში, არამედ განსაკუთრებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენას.
ორგანიზაციას პრინციპულ საკითხად მიაჩნია სამოქალაქო საზოგადოების მშვიდობიანი მანიფესტაცია, ვიდრე თანამდებობებს შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია და მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა არ დატოვებს, არ შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო კომისია და გამოძიების მიმართ არ გაჩნდება საზოგადოების ნდობა.
„ახალგარზდა ადვოკატების“ შეფასებით, მომხდარი ტრაგედიის მიმართ სრულიად აღმაშფოთებელია საჯარო მმართველობის სფეროში ხელმძღვანელი პირების მხრიდან დუმილი. მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციული თანამდებობის ყველა ხელმძღვანელმა პირმა სოლიდარობის ნიშნად სამოქალაქო მანიფესტაციას უნდა შეუერთდეს და ხალხის გვერდით დადგნენ. მათი მხრიდან თანამდებობების პროტესტის ნიშნად დატოვება ახლა თითოეული მათგანის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, თუმცა სამწუხაროა, რომ ისინი არც სამოქალაქო პასუხიმგებლობის იმ ხარისხს ამჟღავნებენ, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის მათი თანამდებობიდან გადადგომის ტოლფასი იქნება.
“„ახალგაზრდა ადვოკატები“ სამართლიანად მივიჩნევთ საქართველოს მასშტაბით დაწყებულ ბრძოლას უფლებებისთვის უფლებადამცველმა სექტორმა უწოდოს „ღირსების კვირა“. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ საქართველოს მთავრობის მინისტრებს 29 სექტემბრამდე უნდა წაუყენონ ღირსების გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნა რათა დატოვონ თანამდებობები შემზარავი დანაშაულის გამო და აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანიების „რუსთავი 2“ –ისა და „იმედის“ ჟურნალისტურ კორპუსსაც, რათა გახსნან მათი ღია ეთერები თემაზე საჯარო დისკუსიისთვის. მივმართავთ ცალკეულ ჟურნალისტებს, ღიად გამოხატონ პროტესტი და მოითხოვონ იმ თანამდებობის პირთა გადადგომა, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ამ დანაშაულებრივ ქმედებებში.”-ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.