ახალი პარლამენტი ძველი სახეებით მუდმივი  დესტაბილიზაციის                                    საფრთხე

ახალი პარლამენტი ძველი სახეებით მუდმივი დესტაბილიზაციის საფრთხე

 სატელევიზიო არხზე, „მაესტროზე“ შალვა რამიშვილის „დილის გადაცემაში“ მონაწილეობისას  განვაცხადე, რომ ნაციონალური მოძრაობა  წარმოადგენს  სექტას, რომელიც მუშაობს არა ნორმალურ საპარლამენტო რეჟიმში, არამედ სისტემატურად აწყობს    საიდუმლო სერობებს, სადაც კარდინალური საკითხები განიხილება. სხვა პარტიის წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს, ცხადია,  ეკრძალებათ დასწრება და ამა თუ იმ საკითხზე  საკუთარი პოზიციის გამოხატვა. 

        ეს არ იყო ზედაპირული, ჰაერზე ნასროლი ფრაზა და მას სერიოზული, არგუმენტებული  საფუძველი  ჰქონდა. განცდა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ  ნამდვილად სექტა ჩამოაყალიბა და ვერა და ვერ შეიძინა  პოლიტიკური პარტიისთვის ნიშანდობლივი  „უნარ–ჩვევები“  განმიახლა ბოლო დღეებში გამომჟღავნებულმა და გასაჯაროებულმა ამაზრზენმა ფაქტებმა და ამ ფაქტებზე საზოგადოების ადეკვატურმა რეაქციამ, მოთხოვნამ,  სათანადოდ დაისაჯონ პასუხისმგებელი პირები და დაკვეთის უშუალო შემსრულებლები.

   მე როგორც ერთ რიგით მოქალაქეს მიმაჩნია, რომ  რაც წლების მანძილზე  ჩვენს ციხეებსა და ციხეებს გარეთ  ხდება კვალიფიცირდება როგორც  დანაშაული კაცობრიობის წინაშე და საფრთხეს უქმნის არა მარტო ჩვენ ქვეყანას, არამედ სამხრეთ კავკასიის მთელ რეგიონს. ამიტომ მოსახლეობის სამართლიან მოთხოვნათა სპექტრს  ერთსაც  დავამატებდი, რომ   აუცილებელია, დღის წესრიგში დადგეს მე–7 მოწვევის, პარლამენტის როგორც ამ უზნეობის დამკვეთის,   პოლიტიკური, ხოლო ზოგიერთი მათგანის სისხლის სამართლებრივი  პასუხისმგებლობის საკითხი.

პარლამენტის თავმჯდომარისა და ნაციონალების პოლიტიკური ლიდერის  ზეწოლით  ნაციონალები  ახდენდნენ ხელისუფლების უმაღლეს  ეშელონებში ინკუბირებული   არადემოკრატიული, ხშირად  უსუსური და ზედაპირული, ცალკეული პირების  კეთილდღეობისკენ მიმართული, თვალებში ნაცრის შეყრაზე ორიენტირებული   „რეფორმატორული“   იდეების „გაპრავებას“.

    ყველასათვის კარგად არის ცნობილი როგორ იღებს პარლამენტი კანონებს, ვის სურვილებსა და ახირებებს   ასხამს ხორცს და რა უჯდება ეს ქვეყანასა და  მოსახლეობას.    პარლამენტი იქცა ძალადობრივი რეჟიმის ბინძურ ინსტრუმენტად.  

საქართველოს საპარლამენტო ისტორიაში  დავით ბაქრაძე ერთ–ერთ ყველაზე უღიმღამო, უფერულ, მორჩილ ფიგურად გამოიყურება.  სწორედ ღირსების შელახვისა და პიროვნულ თვისებებზე უარის თქმის ხარჯზე, მან ჯილდოდ მიიღო  მსუყე ნაჭერი მომავალი  არჩევნების საპარლამენტო ნუსხაში.   

რომ არა უსუსური, გაუმართავი,  ცალკეულ პირებზე მორგებული,  ხშირად ყოველგვარი  საღი  აზრისგან დაცლილი კანონმდებლობა,  რომელიც ხელფეხს უხსნის  უზნეობას,  კორუფციასა და  თავაშვებულობას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, იმ  შემზარავ ფაქტებს, რამაც შოკში ჩააგდო საზოგადოება, დღეს   ადგილი არ ექნებოდა.

   აღნიშნული გარემოება დამაფიქრებელი, ამასთან,  კარგი გაკვეთილი უნდა იყოს   ახალი მოწვევის პარლამენტისთვისაც, რომელიც ვალდებულია, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობითა და ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრით შემართული შეუდგეს მუშაობას და ჩამოაყალიბოს ისეთი სისტემა, შექმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, სადაც ადგილი არ ექნება შავ ხვრელებს, საიდანაც ყოველგვარი უზნეობა  მოედინება და რაც ქვეყანას, უკან, ავადსახსენებელი რეჟიმისკენ მიაქანებს.

 ნაციონალური მოძრაობის ამქარი ვალდებულია,  გამოვიდეს საზოგადოების წინაშე  და საჯაროდ  უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.

თუ ძველ  სახეებს  კვლავ  იხილავს, ქვეყანა მუდმივი ქაოსისა და დესტაბილიზაციის საფრხის წინაშე იქნება და  მოსახლეობა ვერ დამშვიდდება,  რომელ შენობასა თუ გეოგრაფიულ სივრცეშიც  არ უნდა დაიწყოს  მუშაობა ახალი მოწვევის  პარლამენტმა.