სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარება და მომხდარი ფაქტი ფოთელმა პედაგოგებმა ერთობლივად გააპროტესტეს. განსაკუთრებული უკმაყოფილება პედაგოგებში ციხეებში არასრულწლოვნებისადმი არსებულმა დამოკიდებულებამ გააჩინა, რომლებიც უკვე ღიად გამოხატავენ პროტესტს და მხარდაჭერას კოალიცია „ქართულ ოცნებას“ უცხადებენ.
,,ქართული ოცნების“ ფოთის საარჩევნო შტაბში ფოთის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ ზაზა ჭურღულიამ განცხადება გააკეთა, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მძიმე მოვლენებიდან გამომდინარე მხარს უჭერს ბლოკ ,,ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას“ და მის მაჟორიტარ კანდიდატს ეკა ბესელიას.
ზაზა ჭურღულია პროფესიით ისტორიკოსი და ეკონომისტია. ამჟამად, ის 7-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე და ასწავლის ბავშვებს სამართალს და ისტორიას.
„მოგეხსენებათ სამართალს ვასწავლი და ბავშვებს ადამიანის უფლებების დაცვაზე ვესაუბრები. ამ კადრების გასვლის შემდეგ გუშინ გაკვეთილიც ვერ ჩავატარე, შოკირებული ვიყავი და მთელი გაკვეთილის მანძილზე ჩუმად ვიყავი. სულით ხორცამდე შემძრა ნანახმა. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ჩემი პროტესტი ღიად გამოვხატე სკოლაშიც. ვფიქრობ, პედაგოგები სწორ არცევანს გააკეთებენ და მორალური პრინციპებით იხელმძღვანელებენ“, - განაცხადა ფოთის 7- ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ზაზა ჭურღულიამ.