„საზოგადოებრივი მაუწყებელი" ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს ტელეკომპანიის ქცევის კოდექსის რამდენიმე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს.
აღნიშნულის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებელის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც კონკრეტულად ის მუხლებია წარმოდგენილი, რომელიც ტელეკომპანიის ეთიკის კოდექსშია ასახული.
განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის მიერ სტუდენტთა აქციაზე გაკეთებული განცხადებები წინააღმდეგობაშია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ქცევის კოდექსის რამდენიმე მუხლთან. კერძოდ: 22.1 სსმ-ის ჟურნალისტებმა, წამყვანებმა, პროდიუსერებმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა თავიანთი საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ სხვა არასამაუწყებლო საქმიანობით, ფინანსური ან საინვესტიციო ინტერესებით, ეჭვქვეშ არ უნდა დააყენონ მაუწყებლის მიუკერძოებლობის და სამართლიანობის პრინციპები. 22.7 სავალდებულოა, აცნობოთ თქვენს უშუალო უფროსს, როდესაც აპირებთ: ჩვენება მისცეთ სასამართლოს; უხელმძღვანელოთ პროფესიული ან კომერციული ორგანიზაციის მიერ მოწყობილ საჯარო ფორუმს ან სემინარს; ჩაერთოთ ისეთ საქმიანობაში, რომელიც სავარაუდოდ წინააღმდეგობაში მოვა თქვენს პროფესიულ მოვალეობასთან; უხელმძღვანელოთ საჯარო პოლიტიკურ ფორუმებს ან გამოჩნდეთ პოლიტიკურ პლატფორმაზე. ასევე არ გამოხვიდეთ მოხსენებით, სიტყვით, ლექციით ისეთი ჯგუფების წინაშე, რომელმაც შეიძლება, თქვენი მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დააყენოს. ეს შეიძლება, მოხდეს ისეთ სიტუაციაში, როდესაც თქვენი გამოსვლა შეიძლება, რომელიმე ორგანიზაციის ან ჯგუფის მიზნების მხარდაჭერად იქნეს აღქმული", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ეკა კვესიტაძემ გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მისულ სტუდენტებს მოუწოდა, ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ეთერში საინფორმაციო პროგრამის უწყვეტი მუშაობა და სპეციალური თოქ-შოუების გაშვება მოეთხოვათ.