"თავისუფალმა საქართველომ“ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კიდევ 12 ოლქში მოხსნა. ამის შესახებ პარტიამ დღეს განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის მიზეზი ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენებია, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, საქართველოში ფაშისტური რეჟიმის არსებობა, რომლისთვისაც უცხოა ადამიანის უფლებები და მისი ძალაუფლების ერთადერთ დასაყრდენს ჩამოყალიბებული პოლიციური მმართველობა და სადისტური მეთოდებით საზოგადოებაში შიშის დანერგვა წარმოადგენს.
მოცემულ სიტუაციაში, პარტიის ცნობით, რეალური ოპოზიციის ერთიანობას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ეს აქამდე იყო, პარტიის წარმომადგენლების განცხადებითვე, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ 1-ლი ოქტომბრის არჩევნებზე მოხდეს სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის საბოლოოდ შეცვლა და საკანონმდებლო ორგანო დაკომპლექტდეს ჯანსაღი, დემოკრატიული ფასეულობების დამცველი პოლიტიკური ძალებით.
„მიუხედავად პარტიის სურვილსა, მომხდარიყო „ქართულ ოცნებასთან“ ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება 73-ვე საარჩევნო ოლქში (რაც არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების უპირობო გარანტიას წარმოადგენს), „თავისუფალი საქართველოს“ ინიციატივას კოალიციის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები ამ დრომდე არ მოჰყოლია. შექმნილ რეალობაში ერთიანობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, „თავისუფალმა საქართველომ“ მიიღო გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატებს მხარი კიდევ 12 საარჩევნო ოლქში დაუჭიროს: კრწანისში კანდიდატურას აკაკი ასათიანი ხსნის; დიდუბეში - დიმიტრი ლორთქიფანიძე; ნაძალადევში - ჯაბა ჯიშკარიანი; ასპინძაში - ნოდარ ზაზაძე; ონში - ბერიკა მაისურაძე; საჩხერე ში- მელვუდ შარვაძე; ბაღდათში - იაგო გუბელაძე; ჭიათურაში - თეიმურაზ ჯაფარიძე; ტყიბულში - მერაბ ბაბუხადია; მცხეთაში - ქეთი ბექაური; ბოლნისში - დავით ლობჟანიძე; ყვარელში - ვიქტორ ლეგაშვილი“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმადვე, თავისუფალმა საქართველომ“ ერთიანობისკენ ცალმხრივად ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის საწყის ეტაპზე დაიწყო და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატებს მხარი 8 საარჩევნო ოლქში დაუჭირა (მთაწმინდა, ქუთაისი, გარდაბანი, ადიგენი, ახმეტა, მესტია, ჩხოროწყუ, წალენჯიხა).
„თავისუფალი საქართველო“ ხაზს უსვამს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია „ქართულ ოცნებასთან“ ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე, თუმცა, თუკი კოალიციის შიგნით გაიმარჯვებს ჯანსაღი აზრი და მოხდება შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, ეს სასარგებლო იქნება მთლიანად პროცესისთვის“, - აცხადებენ პარტიაში.
ამავდროულად, „თავისუფალი საქართველო“ საზოგადოებას მოუწოდებს, რომ შეაფასოს პარტიის მიერ ერთიანობისთვის გადადგმული ნაბიჯები და იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც რჩებიან „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატები, არჩევნებზე შემოხაზოს N1.