14 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი რუსთავს სტუმრობდა. მან რუსთაველი პენსიონერების, გიორგი და ცირა ჯავახიშვილების ოჯახს 100-ლარიანი პენსია გადასცა. „ჩემი ოცნება ახდა, რომ გიხილეთ. თვალებს ვერ უჯერებ, ჩემი საყვარელი პრეზიდენტი მესტუმრა. გამიშვით, მე მის გვერდით უნდა დავჯდე” - ამბობდა ოჯახის დიასახლისი, ცირა ჯავახიშვილი.
საზოგადოებამ ეს საუბარი, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებიდან იხილა. პრეზიდენტი უყვებოდა ჯავახიშვილების ოჯახს, თუ რამდენად ძვირფასი და «მოსაფერებელია” მისთვის თითოეული პენსიონერი. „ეს რამდენი ხალხი შეკრებილა ეზოში ჩემ შესახვედრად! რა საჭირო იყო?” – კითხულობდა სააკაშვილი. სატელევიზიო კადრებიდან კარგად ჩანს, რომ ხალხი იმ დროს თოდრიას #13 კორპუსთან მართლაც საკმაოდ იყო. ზოგიერთი მათგანი პრეზიდენტს მადლობას რუსულად უხდიდა. E
პრესაგე.ტვ-მ პრეზიდენტის სტუმრობიდან მეორე დღეს გაარკვია, რომ ამ ადამიანების დიდი ნაწილი იქვე მოქმედი ე.წ აზერბაიჯანული ბაზრიდან იყო გადმოსული.
ჩვენთვის, სააკაშვილის რუსთავში სტუმრობა მისი წასვლის შემდეგ გახდა ცნობილი. ამიტომ იმის გასარკვევად, თუ რატომ ესტუმრა პრეზიდენტი მაინცდამაინც ჯავახიშვილების ოჯახს და ვინ შეურჩია მას მასპინძელი, თოდრიას ქუჩას ვესტუმრეთ.
„ეგ კორპუსი აზერბაიჯანლების ბაზრის გვერდითაა, გოგონა. ახალი გზაა მანდ დაგებული და ადვილად მიაგნებ. გუშინ პრეზიდენტი ყავდათ სტუმრად და წინა დღეს დაუგეს გზა“ – საფუძვლიანად მიგვასწავლეს, ჩვენთვის საჭირო კორპუსი.
მუქი ფერის, ჯერაც რბილ ასფალტს გაუყევით და ცირა ჯავახიშვილსაც ვესტუმრეთ.
ქალბატონ ცირას, სამზარეულოში პრეზიდენტის წინასაარჩევნო პლაკატიდან ამოჭრილი სურათი აქვს გაკრული. ოჯახში ყველა მხოლოდ სააკაშვილზე საუბრობს. თვიდან-თვემდე პენსიაზე დამოკიდებული ცოლ-ქმარი ამბობს, რომ პრეზიდენტი საკუთარი შვილივით უყვართ.
„თუ ჩემს პრეზიდენტს და ჩემს ქვეყანას დასჭირდება, მზად ვარ სიცოცხლე შევწირო. ბევრს ეგონა, რომ ნათესავები ვიყავით, მაგრამ შვილებს ვფიცავარ, ასე არ არის. განა არ შეიძლება მიყვარდეს ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი?!
ვიცი, რომ ბევრს აკრიტიკებენ, მაგრამ ეს არ არის სწორი. ვინც მუშაობს სწორედ იმას ეშლება. არ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი იდეალურად გააკეთოს. ჩემი ოცნება იყო მისი ნახვა და ეს ოცნება ამიხდა“ – ამბობს ცირა ჯავახიშვილი.
საუბარში მისი მეუღლე ერთვება. „თავიდან ძალიან ვღელავდით, მაგრამ პრეზიდენტი ისეთი ადამიანია, რომ თვითონ მოგვიხსნა ეს დაძაბულობა. რაც შეეხება 100-ლარიან პენსიას, თავადაც ბრძანა, რომ ეს ცხადია არაა საკმარისი, მაგრამ ამ ეტაპზე მეტის საშუალება არ არის“ – გვიხსნის გიორგი ჯავახიშვილი.
ჩვენ დავინტერესდით, როგორ აარჩიეს ასობით რუსთაველი პენსიონერის ოჯახიდან სწორედ მათი ოჯახი. აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტს მასპინძელი ქვემო ქართლის გუბერნატორმა, დავით კირკიტაძემ შეურჩია.
„ჩვენი ძვირფასი გუბერნატორი იყო წინა დღეს ჩვენთან მოსული. გაგვესაუბრა და ალბათ, მოვეწონეთ. მითხრა, ხვალ მოვალ და პენსიას პირადად გადმოგცემთო. მე ნამდვილად არ ვიცოდი, რომ პრეზიდენტი მობრძანდებოდა. გუშინ ბაზარში ვიყავი წასული ხილის მოსატანად და რომ მოვედი პოლიციით იყო ეზო სავსე. შემეშინდა რა ხდება, ვინმეს ხომ არ იჭერენ-მეთქი და მაშინ გავიგე, რომ ჩემი პრეზიდენტი მობრძანდებოდა“– ამბობს რუსთაველი პენსიონერი, ცირა ჯავახიშვილი. ჩვენ შეკითხვაზე, თუ როგორ მოხვდნენ მის ეზოში პრეზიდენტის დასახვედრად რუსულად მოსაბრე მეზობლები, გვპასუხობს, რომ ისინი გვერდითა კორპუსში ცხოვრობენ. ამ ინფორმაციის სისწორეში ჩვენს დასარწმუნებლად მეზობელი, ეთერ კიკნაძე შემოყავს.
„ახლა, რომ მაჩვენოთ სატელევიზიო სიუჟეტი, ყველას გეტყვით ვინ ვინ არის. ჩვენი მეზობლები არიან. აქვე, ბაზარში მუშაობენ და ალბათ, რომ გაიგეს თვითონ წამოვიდნენ. რაც შეეხება თქვენს კითხვას გზასთან დაკავშირებით, მერე რა, რომ გზა ახლა დააგეს?! თქვენ არ გამოგადგათ ეს გზა აქ მოსასვლელად?! ზურგზე ხომ არ მოუკიდებია პრეზიდენტს და ხომ არ წაუღია?!“ - გვეკითხება ეთერ კიკნაძე.