ფილარმონიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. მათი განცხადებით, ვითარება მხოლოდ სასჯელაღსრულების სისტემაში კი არა, მთელს ქვეყანაშია გამოსასწორებელი.
როგორც არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაშვილმა განაცხადა, მომხდარი ფაქტი, დანაშაულია ერისა და კაცობრიობის წინაშე.
„ამაზრზენი ფაქტები, რომლებიც გუშინ გამოქვეყნდა ცდილობენ ვიღაცას გადააბრალონ. მომხდარში მთავრობის ყველა წევრი დაწყებული პირველი პირიდან ბოლომდე დამთავრებული დამნაშავეა. ციხეში ხშირად შევდიოდი ხოლმე, შემდეგ კი უარი ვთქვი, რადგან მსგავსი ფაქტები ხშირად ხდებოდა. იმ ადამიანებს ჩვენ ვერაფრით ვშველოდით. ბადრაგი მათ სასტიკად ექცეოდა და მორალურად იქ შესვლა ვეღარ შევძელი“, - განაცხადა არქიმანდრიტმა.
აქციაზე მყოფ მღვდელ-მონაზონის კირიონის განაცხადებით, სასულიერო პირი ჩვეულებრივი ადამიანია და სამოქალაქო აზროვნებაც ერთიანია.
„კადრზე, რომელიც გავრცელდა ვერაფერს ვიტყვი. თუ ჩვენ ამაზე კომენტარის გაკეთებას დავიწყებთ ეს ჩვენი აზროვნების დეფორმაცია იქნება. ეს გაუგონარი ამბავია. ამ ბოლო დროს ქვეყანაში კაცმოძულეობა დაინერგა.თუ ადამიანი რაღაცას დააშავებს, ის განდევნილია. ეს ცოდვა არაა, ეს სატანიზმია“, - განაცხადა მღვდელ-მონაზონმა კირიონმა.