„თავისუფალი საქართველოს" ლიდერები ხათუნა კალმახელიძის დაკავებას ითხოვენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში განვითარებული მოვლენები და სკანდალი მალე ქვეყნის მასშტაბებს გასცდება და მსოფლიო თემა გახდება.
კუკავა აცხადებს, რომ თანამდებობიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მინისტრ ხათუნა კალმახელიძის გადადგომა ისეთივე ცინიზმია, როგორც პატიმრების წამება და ის კადრები, რომლებიც გუშინ ტელეკომპანია "მე-9 არხმა" და"მაესტრომ" გაავრცელა.
„მინისტრი ხათუნა კალმახელიძე პირადად ესწრებოდა პატიმრების წამებას და ამით სიამოვნებას იღებდა. ამიტომ თანამდებობიდან კალმახელიძისა და ჭაკუას გათავისუფლება სასჯელი არ იქნება აღნიშნული პირებისთვის“, - განაცხადა მან.
კახა კუკავას განცხადებით, დღეს 14:00 საათზე სასჯელაღსრულების სამინისტროსთან "თავისუფალი საქართველო" საპროტესტო აქციას გამართავს.
„საზოგადოება ისეთივე აქტიური უნდა იყოს და შეეწინააღმდეგოს აღნიშნულ ფაქტს, როგორიც იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით. პარტიის მომავალი სტრატეგია შეიცვლება და მთლიანად დაეთმობა დამნაშავე ჩინოვნიკების სახლებთან და სამსახურებთან სირცხვილის დერეფნების მოწყობას“, - დასძინა მან.