ფილარმონიასთან გამართულ აქციას კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ- ერთი ლიდერი, ზურაბ აბაშიძე შეუერთდა. აბაშიძის განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე სახელისუფლებო სისტემაში მხოლოდ ჭანჭიკის როლს ასრულებდა და რეალურად სასჯელაღსრულების უწყებას ვერ მართავდა.
აბაშიძის თქმით, ამ უწყების რეალური მმართველები ბაჩო ახალაია, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი არიან.
„სწორედ მათ შექმნეს სასჯელაღსულების სისტემა ისეთი, როგორიც დღეს არის. საპროტესტო გამოსვლები ყველა ქალაქში გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არ აიღებს. კოალიცია „ქართული ოცნება“ ბუნებრივია ამ აქციას უერთდება, მაგრამ ის რაც ხდება აღმაშფოთებელია“, - განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პასუხი აგოს ხელისუფლებამ. „სათავეში ხდება ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი ზევიდან რომ არ მოდიოდეს ამას ვერავინ გაბედავდა“, - განაცხადა აბაშიძემ.