ციხეებში პატიმრების წამების ფაქტები გვიან ღამე საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, თელაველებმაც გააპროტესტეს. აქციას კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებიც შეუერთდნენ.
„ქართული ოცნების“ თელავის მაჟორიტარობის კანდიდატის მანანა ბერიკაშვილის განცხადებით, რაც ამ ქვეყანაში ხდება, ეს მთელი მსოფლიოს წინაშე სირცხვილია.
„მე ძალიან კარგად მახსოვს 2003 წელს, ქვეყნის ტკივილით გულანთებულმა ახალგაზრდამ, რომელიც ხან ტყეების აჩეხვას ეფარებოდა მკერდით და სამართლიანობისთვის იბრძოდა, ასეთი განცხადება გააკეთა-თუ დანაშაულს სჩადის დაბალჩინოსანი და პოლციიელი, თუ ამას არ აღიარებს ან თავის თავზე არ აიღებს მინისტრი, მაშინ ეს მინისტრია დამნაშავე, და თუ ამაზე პრეზიდენტი არ გააკეთებს სერიოზულ განცხადებას და რეაქციას, მაშინ ეს პრეზიდენტია დამნაშავე. ეს სიტყვები მიშა სააკაშვილს ეკუთვნის და მე მას პირველად ვეუბნები: ის არის დამნაშავე და ის რაც ამ ქვეყანაში ხდება, ეს მთელი მსოფლიოს წინაშე სირცხვილია“,-განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.
„ქართული ოცნების“ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გელა სამხარაულის განცხადებით, კი ის, რაც წუხელ ქართულმა საზოგადოებმა იხილა, ამაზრზენია და ქართული საზოგადოება ამას არ მოითმენს.
„ ამ ფაქტებზე დიდი ხანია საუბრობენ, ადვოკატებიც და მსაჯვარდებულებიც.მთავრობა ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ ეს არის ტყუილი და ჩვენი მოგონილი. ხომ თვალნათლივ დაინახა მთელმა საქართველომ თუ რა ხელისუფლება გვყავს და როგორ არის საქართველოში ადამიანის და პატიმრების უფლებები დაცული? დღეს გაჩუმება დანაშაულია და ქართველი ხალხი ამას არ ჩაყლაპავს“,-განაცხადა სამხარაულმა.