საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიაში პატიმართა წამების გაშუქების ფაქტს ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს „იმ მანიპულაციური მეთოდების გამო, რომლითაც ტელეკომპანიები „რუსთავი 2”, „იმედი” და „რეალ ტვ” სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებს“ აშუქებდნენ.
„აღნიშნული ტელეკომპანიები სრულიად დაუსაბუთებლად, გადაუმოწმებლად და ეთიკური სტანდარტების დარღვევით ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ პატიმრების წამების დამკვეთი იყო თამაზ თამაზაშვილი. ამ ტელეკომპანიების ჟურნალისტებს არ დაუსვამთ მწვავე კრიტიკული შეკითხვა ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის“, - აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.
ამასთანავე, ქარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ქმედება „ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.“
„ამ მაუწყებელმა საერთოდ არ გააშუქა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი მოვლენები. ფაქტების იგნორირების ასეთი პოლიტიკა არ ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ზრდას“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ქარტია მოუწოდებს როგორც ხელმომწერ, ასევე არაწევრ ჟურნალისტებს, სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი მოვლენების გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან ეთიკური სტანდარტები.
„მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი ფაქტების მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, მნიშვნელოვნად მიაჩნია - ყველა ტელეკომპანიამ დაიცვას გავრცელებულ კადრებში ასახული პირების პირადი ცხოვრება და გამორიცხოს ამ პირთა იდენტიფიციკაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.