აქციის მონაწილეებმა ფილარმონიასთან გზა გადაკეტეს

აქციის მონაწილეებმა ფილარმონიასთან გზა გადაკეტეს

ფილარმონიასთან ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლების და უფლებათადამცველების აქცია გრძელდება. მონაწილეებმა, შეძახილებით „არ აწამო“ მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს, თუმცა მძღოლები მოძრაობის შეფერხებას არ აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან მანამ, ვიდრე კანონის მთელი სიმკაცრით არ დაისჯებიან ადამიანები, რომლებიც პატიმარტა წამებასა და ძალადობაში მონაწილეობდნენ.

პატიმრების წამების, ასევე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ამსახველი უმძიმესი კადრები დღეს ტელეკომპანიებმა „მაესტრომ“ და „მეცხრე არხმა“ გაავრცელეს. მასალების  ეთერში გასვლის შემდეგ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერით განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

არასამთავრობო სექტორის და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მხოლოდ დავით ჭაკუას გათავისუფლება არასათანადო ზომაა და თანამდებობა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ, ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და ამჟამად შს მინისტრმა ბაჩო ახალაიამაც უნდა დატოვოს, რომელიც, არასამთავრობოთა განცხადებით, დეპარტამენტის თავმჯდომარეობისას თავადაც მონაწილეობდა პატიმართა წამებაში.