სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების სამინისტროში დღეს პატიმართა მიმართ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
მინისტრის ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, ამ დანაშაულის გამოსავლენად სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები კოორდინირებულად მუშაობდნენ.
„სამწუხაროა, რომ ჩვენს სისტემაში დღემდე მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც კორუფციული, დანაშაულებრივი გზების მეშვეობით მსჯავრდებულთა უფლებებს ხელყოფდნენ. თქვენ იცით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წლების წინ რა მდგომარეობა იყო, წლების განმავლობაში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ რაც ვნახეთ, ეს იყო სრულიად შემზარავი. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმ მიზნის რელიზაციისთვის, რასაც თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისი, ჰუმანურ პრინციპებზე აგებული სასჯელაღასრულების სისტემა ჰქვია. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ შეუბრალებები ვიქნებით ასეთი ფაქტების მიმართ. პატიმრის უფლებების დაცვა ჩვენი სამინისტროს უმთავრესი მიზანი იქნება. ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ამ მიზნის მიღწევაში ხელი შეგვიშალონ. მინდა, ვთქვა, რომ ვინც გარედან პატიმრების უფლებების ხელყოფას და ამ ფაქტების პროვოცირებას ცდილობს, კანონის ფარგლებში ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კალმახელიძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა მიერ პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე თამაზაშვილის მამა, ამჟამად პატიმრობაში მყოფი თამაზ თამაზაშვილი და თამაზ ელიზბარაშვილი ფიგურირებს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების საფუძველი გლდანის მე-8 საპყრობილედან მიღებული ოპერატიული ინფორმაცია გახდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე (ბედუკაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 2012 წლის მაისში) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ახორციელებდა, რასაც იღებდნენ ვიდეოფირზე. მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგენილ იქნა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისათვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა მიიღეს ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისაგან. ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხორციელდებოდა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით. ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი. არსებობს ვარაუდი, რომ გარდა აღნიშნულ ფირზე ასახული ფაქტისა ჩადენილ იქნა სხვა ანალოგიური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიების ამ ეტაპზე დაკავებული არიან გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.