საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რაჭაში ტურისტული კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მან სიბოლურად საძირკველში კაფსულა ჩადო და შაორის ტბასთან შეკრებილ ადგილობრივებს სიტყვითაც მიმართა.
სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნული სასტუმროს მშენებლობა მომავალი სეზონისთვის დასრულდება, ხოლო მომავალ წელს მინიმუმ სამი ან ოთხი ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიწყება.
პრეზიდენტის თქმით, ეს ნიშნავს, რომ შაორი მთელი ძალით ამუშავდება და თითოეული თქვენგანის სამსახურში ჩადგება.
„რაჭა უნიკალური მხარეა მთელს ევროპაში და აქ ბევრი კურორტი უნდა განვითარდეს. ეს არის შოვი, უწერა, ღები, რომლის პროექტირება ჩვენ უკვე დავიწყეთ. რაჭის განვითარების გეგმის მთავარი მიზანი რეგიონში სიღარიბის, გაჭირვებისა და უმუშევრობის აღმოფხვრაა. თითოეულ ოჯახში სარგებლის შესვლა - ეს არის ჩვენი ნაციონალური და არა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა. ამიტომ, ყველას უნდა ვუთხრა, ჩვენ ასარევი და დასანგრევი ქვეყანა არ გვაქვს. ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდით და არ მივცეთ მტერს საშუალება, რომ ჩვენი შიდა განსხვავებები გამოიყენოს“, - განაცხადა სააკაშვილმა.