უწყებათაშორისი კომისიის წევრის და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, თამარ კინწურაშვილის განცხადებით, გუშინდელ შეხვედრაზე ტელეკომპანია „მაესტროს“ წარმომადგენლებთან კონტრაქტის ისეთი სპეციფიკური საკითხები განიხილებოდა, რომლებიც ჩიხში შესვლის პირობებში არ განიხილება.
კინწურაშვილის თქმით, ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორის განცხადება უცნაურია და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე კომისიისთვის მედიიდან გახდა ცნობილი.
„ჩვენთვის მედიით გახდა ცნობილი, რომ ეს მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, რადგან გუშინდელ შეხვედრაზე კონტრაქტის პირობებს გავდიოდით მათთან ერთად და „მაესტროს“ წარმომადგენლებმა პარტნიორებთან შეთანხმების მიზნით, დამატებითი დრო ითხოვეს. ვსაუბრობდით საქართველოს ფოსტის მომსახურების ღირებულებაზე, მონტაჟის თანხებზე და ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე, რომლებიც ჩიხში შესვლის პირობებში არ განიხილება. აქედან გამომდინარე, უცნაურია, როცა ისინი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული“, - აღნიშნა კინწურაშვილმა.
რაც შეეხება, სატელიტიურ ანტენებზე ყადაღის მოხსნას, მისი თქმით, ეს თავიდანვე იყო გაცხადებული იმ შეთავაზებაში და იმ წინადადებაში, რომელიც უწყებათაშორისმა კომისიამ წარადგინა.
„ყადაღის ახსნა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა შეთანხმება კონტრაქტის პირობებზე“, - განაცხადა კინწურაშვილმა.