ენდრიუ კაჩინსი “The New York Times”
სამი წლის წინ სექტემბერში, მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია საქართველოში შეიჭრა, შეერთებული შტატების და რუსეთის ურთიერთობამ ყველაზე დაბალ ზღვარს მიაღწია, ყოველ შემთხვევაში საბჭოთა კავშირის კრახის შემდეგ. ბუშის ადმინისტრაციამ მისი მმართველობის ბოლო ხუთი თვის განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობა ფაქტობრივად გაყინა.
პრეზიდენტი ობამა და მისი გუნდი ხელისუფლებაში 2009 წლის იანვარში მოვიდნენ და უმალ გამოთქვეს მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი. ამ ნაბიჯის მთავარი მიზეზები საყოველთაოდ ცნობილია: რუსეთის მხარდაჭერის აუცილებლობა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვაში, ავღანეთში სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოვება, ასევე ბირთვული იარაღის კონტროლისა და უსაფრთხოების სფეროში მრავალმხრივ მიდგომასთან დაბრუნება.
მოსკოვსა და ვაშონგტონში გაბატონებული სკეპტიციზმის მიუხედავად, ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების საქმეში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს, ზემოთჩამთვლილ პრობლემებსა და მთელ რიგ სხვა საკითხებზე სერიოზული პროგრესი შეიმჩნევა.
თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში სახელმწიფოებს შორის შემდგომ დაახლოებას სულ უფრო ხშირად აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ ორივე ქვეყნის ექსპერტები. სკეპტიკოსებს არგუმენტად ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხებზე უთანხმოება, ახლო აღმოსავლეთის რევოლუციური მოვლენები, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გაჭიანურებული პროცესი და სხვა საკითხები მოჰყავთ. ორივე ქვეყნის ზოგიერთი ანალიტიკოსი და პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ მომავალში თანამშრომლობის განვითარებისთვის კიდევ ერთი პოტენციური საფრთხე ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტად დაბრუნებაა.
თუმცა აშშ-რუსეთის ურთიერთობებში წინა ორ „თაფლობის თვესთან“ შედარებით, რომელთაგან ორივე იმედგაცრუებით დასრულდა (პირველი – 1991-1992 წლებში ახალი რუსეთის დაბადების დროს და 2001-2002 წლებში 11 სექტემბრის შემდეგ), ურთიერთობების დათბობის დღევანდელი ტენდენცია თითქოს უფრო მდგრადია.
ამის გასაგებად, საჭიროა იმაზე დაფიქრება, თუ რა მოტივაცია აქვს რუსეთს, როდესაც ის ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ მიისწრაფვის და იმაზეც, თუ რა პოტენციური გავლენა შეიძლება მოახდინოს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა ვაშინგტონთან ურთიერთობაზე.
2008 წლის შემოდგომის დაწყებამდე, რუსეთში პუტინის შეხედულება იყო გაბატონებული, რომლის თანახმად, შეერთებული შტატები მზარდი ეკონომიკური პრობლემებისა და ავღანეთისა და ერაყის მარცხის შემდეგ, სუსტდება. იმ დროს რუსეთი ძლიერდებოდა და მრავალპოლარული მსოფლიოს დაბადების შესაძლებლობა სულ უფრო რეალური ჩანდა.
2008 წლის შემოდგომაზე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მოულოდნელმა შედეგებმა რუსეთისთვის, ეს იდილიური ნარატივი დაარღვია და ცხადყო ის, თუ რამდენად მოწყვლადი იყო ეს ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით. „დიდი ოცეულის“ ქვეყნებიდან რუსეთი ყველაზე მეტად დაზარალდა, და ამ გამოფხიზლების ეფექტმა ხელი შეუწყო მოსკოვის მხრიდან დასავლეთთან დაახლოების მცდელობების აღდგენას, რაც ქვეყნის მოდერნიზაციის გაგრძელებას სჭირდებოდა.
რუსეთის ელიტამ ბოლოს და ბოლოს გააცნობიერა, რომ მსოფლიოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალთა ბალანსი აუცილებლად მათ სასარგებლოდ არ იცვლებოდა. როდესაც 2008 წლის შემოდგომის მოვლენების შემდეგ, სიტუაცია შედარებით დამშვიდდა, მოსკოვმა აღიარა, რომ წამყვან პოზიციებს ჩინეთი იკავებდა. მრავალი წლის განმავლობაში რუსეთისთვის მთავარ საფრთხედ შეერთებული შტატები ითვლებოდა, თუმცა მოსკოვს ახლა სულ უფრო აწუხებდა ჩინეთის ინტენსიური განვითარება, ასევე მისი გავლენის ზრდა ქვეყანის შიგნით, განსაკუთრებით ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიაში, კასპიის რეგიონსა და სხვა ტერიტორიებზე, რომლებიც დიმიტრი მედვედევმა „პრიორიტეტული ინტერესების ზონებად“ დაასახელა.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებით ძალთა თანაფარდობა არსებითად არ შეიცვლება. როგორც ეს ისტორიამ ცხადყო, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების განვითარებაში გაცილებით მნიშვნელოვან როლს აშშ-ს პოლიტიკური კურსი თამაშობს, ვიდრე პოლიტიკური პროცესები თავად რუსეთში.
რუსეთმა ამერიკის ძალა და მისი როლი მსოფლიოში იმიტომ კი არ გადააფასა, რომ მედვედევმა პრეზიდენტის რანგში პუტინი შეცვალა, არამედ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის და ვაშინგტონის პოლიტიკის გამო.
სინამდვილეში, მიუხედავად საყოველთაოდ დამკვიდრებული საპირისპირო აზრისა, ვლადიმერ პუტინის შეხედულებები აშშ-ს ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. 2001-2002 წლებში ის თავისებურად შეეცადა რუსულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას, ხოლო მისი საგარეოპოლიტიკური პრინციპები იმ დროს აშშ-ს ინტერესებს ისევე შეესაბამებოდა, როგორც დღეს შეესაბამება მას მედვედევის პრინციპები.
მართალია, ეკონომიკის აღდგენასთან ერთად, რუსეთს საკუთარ თავის რწმენა განუმტკიცდა, მაგრამ ვაშინგტონთან დაპირისპირების სურვილის გაძლიერებაში მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ მოსკოვს ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკის პრინციპებმა იმედი გაუცრუა. ამგვარად, ვაშინგტონს არ უნდა ეშინოდეს იმის, რომ პუტინი (და მე ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასე მოხდება) კვლავ პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს.
რუსებმა იციან აშშ-ს დღევანდელი ფინანსური პრობლემების და იმ საჭირბოროტო საკითხების შესახებ, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: გაუმკლავდება თუ არა მათ ამერიკის პოლიტიკური სისტემა. ისინი ყურადღებით აკვირდებიან იმასაც, შეასრულებს თუ არა შეერთებული შტატები ავღანეთში სიტუაციის სტაბილიზების პოლიტიკურ ვალდებულებას.
რუსეთის პოლიტიკურ ელიტას ჯერ-ჯერობით ეჭვი ეპარება იმაში, რომ შეერთებული შტატების გავლენა მსოფლიოში დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ, ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ ახერხებდა ამერიკა ძალების აღდგენას წარსულში გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების შემდეგ.
თუკი აშშ ამ მიმართულებებით წარმატებას მიაღწევს, და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, განაგრძობს პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც რუსეთის ზოგიერთ საკვანძო ინტერესს დაემთხვევა, მაშინ დაახლოების ტენდენცია შენარჩუნდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ამ განტოლების გადამწყვეტი სიდიდე ვართ.
ენდრიუ კაჩინსი – ვაშინგტონის სტრატეგიული საერთაშორისო ცენტრის რუსულ-ევრაზიული პროგრამის ხელმძღვანელი; წიგნის „რუსეთი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ“ რედაქტორი
foreignpress.ge
787
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85