"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) „საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის“ ანგარიშების დაყადაღების გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. ამის შესახებ განცხადებას საია ავრცელებს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საადვოკატო დახმარებას უწევს „საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტს“, რომლის ანგარიშებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გაურკვეველი მოტივით დაყადაღებულია. ჩვენ მოვითხოვეთ, ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს დადგენილების გადმოცემა, რათა გვცოდნოდა, თუ რატომ დაედო ყადაღა და მისი გასაჩივრების შესაძლებლობა გვქონოდა. ამ მოთხოვნაზე სასამართლომ უკანონოდ გვითხრა უარი, რაც ადმინისტრაციული საჩივრით საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან გავასაჩივრეთ. ჩვენი საჩივარი დაეწერა სასამართლოს მენეჯერს და მისი გადაწყვეტილებით, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კვლავ უარი გვეთქვა. დღეს ვაპირებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას თბილისის საქალაქო სასამართლოს წინააღმდეგ. ჩვენი მოთხოვნა იქნება სასამართლომ სასამართლოს დაავალოს იმ დადგენილებისა და შესაბამისი დოკუმენტების გადმოცემა, რითიც ინსტიტუტის საბანკო ანგარიშს ყადაღა დაედო და მისი ფუნქციონირება პარალიზებულ იქნა“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.