ორმუზის სრუტეში მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო სწავლებას, რომელშიც 20 ქვეყანა მონაწილეობს აშშ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ განცხადება ბაჰრეინის დედაქალაქ მანამიში შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების სარდლობამ გაავრცელა.
„ხომალდები მონაწილეობას მიიღებენ თავდაცვით სწავლებაში, რომლის მიზანიც ახლო აღმოსავლეთის საერთაშორისო წყლებში სტაბილურობის და თავისუფალი ნავიგაციის შენარჩუნებაა“, - ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.
სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი ჯონ მილერი ამბობს, რომ ეს სწავლება ირანის, ან სხვა, რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
პასუხად, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალმა, მოჰამად ალი ჯაფარმა განაცხადა, რომ თავდასხმის შემთხვევაში, თეირანი საპასუხო დარტყმას აშშ-ს სამხედრო ბაზებს ბაჰრეინში, ქუვეითში, გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთში მიაყენებს.