დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოც წლისთავზე ქართული მართლმსაჯულების სისტემა კვლავ სამარცხვინო მდგომარეობაშია. პოსტრევოლუციურ ქვეყანაში „აღლუმი“ პროკურატურას მიჰყავს და სასამართლო სისტემის დანამატად არის ქცეული. საპროცესო გარიგების მახინჯმა პრაქტიკამ სამართლიანობის განცდას ბოლო მოუღო.
მთელი სისტემა ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან წყაროდ არის გადაქცეული. ამ გახურებულ აღებ–მიცემაში კი კანონი და სამართალი მოკვდა. იქ სადაც რაიმე პოლიტიკური ინტერესი არ არის, დაკავებულს საპროცესოს უფორმებენ, თანხას ახდევინებენ და „პირობით“ თავისუფლებაზე უშვებენ. ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე კი ბოლომდე „პირველ ჩვენებას აწვებიან“.
ერთ–ერთი თვალსაჩინო მაგალითი გიორგი დემეტრაძის საქმეა. ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს მის საქმეს და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც დემეტრაძე „ყველა სიახლესთან“ საუბრისას აცხადებს, საქართველოში სიმართლის პოვნის იმედი არ აქვს და უზენაესი სასამართლოსგან არაფერს ელის:
„იმედიანად ვიყავი განწყობილი პირველი ინსტანციის სასამართლოში, ვამბობდი, როგორ გამომიტანს მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს-მეთქი. არავინ ყოფილა, ვინც პროცესზე მოვიდოდა და ჩემზე იტყოდა, კრიმინალიაო. განაჩენის შემდეგ ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა და ამის შემდეგ სასიკეთოს აღარაფერს მოველი. უბრალოდ, ეტაპებია გასავლელი იმისთვის, რომ სტრასბურგამდე მივიდე“.
მსჯავრდებული ციხის პირობებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი ოცნება იყო რუსთავის პირველ, ან მეორე დაწესებულებაში მოხვედრა, სადაც ბურთის თამაშის საშუალება ექნებოდა. თუმცა ჩაკეტილ და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, რუსთავის #6 ციხეში მოხვდა.
დემეტრაძის განცხადებით, გლდანის ციხიდან რუსთავის #6 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, განცდა ჰქონდა რომ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან საერთო საცხოვრებელში მოხვდა.
ასევე, დემეტრაძე რუსთავის ციხეში მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მის სასთუმალზე სამართებელი ნახა, თუმცა არ იცის, იქ როგორ მოხვდა:
„ვერ გეტყვით, როგორ მოხვდა სამართებელი ჩემს სასთუმალზე, ვის სურდა ჩემი სიკვდილი… გარდა იმისა, რომ ბარათით სარგებლობის საშუალებას არ მაძლევდნენ, ჩემზე სხვა ზემოქმედება არ ყოფილა.
საკვებს ვერ ვყიდულობდი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ოთხშაბათს და პარასკევს ველოდებოდი, რადგან ამ დღეებში იყო ლობიო. სხვა დღეებში კი, მხოლოდ ხილს ვჭამდი, რომელსაც ახლობლები მიგზავნიდნენ. საშინელ მდგომარეობაში ვიყავი.
როდესაც ჩემი ადვოკატი მოდიოდა, მრცხვენოდა მასთან პირისპირ საუბარი, შორს ვჯდებოდი რომ არ შემეწუხებინა-საპონი, კბილის პასტა და ჯაგრისი არ გვქონდა. ამ ყველაფერმა დამთრგუნა“.
ფეხბურთელი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს ვისაც მისი უდანაშაულობის სჯერა. დემეტრაძე აღნიშნავს, რომ ეს დიდ ძალას და სტიმულს აძლევს იმისთვის რომ ამ ყველაფერს გაუძლოს. მისი თქმით, დიდი სურვილი აქვს მისი საქმე ნებისმიერმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეისწავლოს, გამოიტანოს დასკვნა, რომელიც გავრცელდება მედიასაშუალებებით.
თავის მხრივ, გიორგი დემეტრაძის ადვოკატი გიგა ზირაქიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს უზენაეს სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში პარალელურ რეჟიმში ასაჩივრებს. მისივე თქმით, დემეტრაძე თავს დამნაშავედ კვლავ არ სცნობს და „ქურდული სამყაროს“ წევრობის შესახებ ბრალდებას „აბსურდულს“ უწოდებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი დემეტრაძის საქმის სააპელაციო განხილვა 25 ივლისს დაასრულა და საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა. დემეტრაძეს თავისუფლების 6 წლით აღკვეთა აქვს მისჯილი.
სასამართლოს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულების: გიორგი დემეტრაძისა და დავით გაგნიძის საქმის განხილვა დასრულდა“. ლაპარაკია 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე „მაზავშიკებთან“ მართლსაწინააღმდეგოდ მოგებულ თანხებზე:
„მოგებული თანხების ამოღებისა და გადანაწილებაში „მოგებულებს“ ქურდული ტრადიციების მიმდევრები, ვახტანგ ყიფიანი, გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი ეხმარებოდნენ. პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედება საიდუმლო მიმოწერის მასალებით, დაკავებულთა პირადი ჩხრეკის ოქმებით, მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურდა“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი დემეტრაძეს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევა დააკისრა.
დავით გაგნიძეს კი დანაშაულთა ერთობლიობით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევა შეუფარდა.
მსჯავრდებილებმა პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და გამართლება მოითხოვეს. თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არასაკმარისი აღმოჩნდა.
სასამართლო პალატამ საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, პირველი ინსტანციის განაჩენი კანონიერად, ხოლო მსჯავრდებულთა ბრალეულობა დადასტურებულად მიიჩნია. სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და შეფარდებული სასჯელის ზომა დასაბუთებულად და სამართლიანად ჩათვალა და განაჩენი უცვლელი დატოვა.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კახი კალაძემ ნაკრების ყოფილი წევრის, გიორგი დემეტრაძის პატიმრობიდან გათავისუფლება საჯაროდ მოითხოვა. აღნიშნული განცხადება კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა სათაურით - „თავისუფლება უდანაშაულოდ დაპატიმრებულ გიორგი დემეტრაძეს!“
განცხადების ტექსტში კახი კალაძემ კოლეგის პატიმრობიდან გათავისუფლების თხოვნის გარდა, ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებაც კიდევ ერთხელ ხმამაღლა გამოხატავა:
„მივმართავ ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, თანამემამულეებს: ვფიქრობ, დგება დრო, როცა უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ ხელისუფალთ, მეტი გამჭირვალეობა. დემოკრატიის შუქურად წოდებულ ქვეყანამ უკანასკნელ წლებში აშკარა რეგრესი განიცადა ამ თვალსაზრისით.
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანებს გვიწევს საუბარი კოდირებულად, ფარულად. არსებობს შიშის სტერეოტიპი, რომელიც დასამსხვრევია და ის პირველ რიგში, თითოეულმა ჩვენგანმა შინაგანად, საკუთარ თავში უნდა გაანადგუროს.
მთელი ცხოვრება ვიბრძოდი ჩემი ქვეყნისთვის, მინდორსა თუ მის გარეთ, არასოდეს შევშინებივარ სიძნელეებსა და გამოწვევებს. ყოველთვის მჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან, სამართლიანობა იზეიმებდა, კანონი ადრე თუ გვიან იკანონებდა და არ იქნებოდა კანონის ორმაგი სტანდარტებით გაგება და გამოყენება.
თუმცა რეფორმირებულმა ქართულმა სასამართლომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, მორიგი ტესტი ვერ ჩააბარა! ჩვენი ქვეყნის ასიათასობით მოქალაქეთა მსგავსად, მეც ვფიქრობ, რომ გიორგი დემეტრაძის საქმე თავიდან გადასახედია, თავიდან შესასწავლია თითოეული დეტალი...
აღნიშნულმა ვერდიქტმა საზოგადოების უნდობლობა დაიმსახურა... ადამიანების ბედით ასე არ უნდა თამაშობდნენ! უამრავი ადამიანი გვირეკავს გიორგის მეგობრებს, გვხვდება სხვადასხვა სახის მხარდამჭერი განცხადებები სოციალურ ქსელში. სასამართლოს დასრულებამდე მქონდა მიზერული, მაგრამ მაინც იმედი, რომ ქართული თემიდას სასწორი უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანის სასიკეთოდ გადაიხრებოდა... თუმცა - ამაოდ...
მტკიცედ მჯერა, რომ გიორგი დემეტრაძე უდანაშაულოა და ჩვენ მისი მეგობრები და მისი ნიჭის დამფასებელი მრავალათასიან გულშემატკივართა არმია ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით! გვჯერა, სამართალი პურს ჭამს და სამართლიანობა გაიმარჯვებს!“