კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ ზეწოლისა და წინასაარჩევნოდ უთანასწორო გარემოს შესახებ ისაუბრა.
ფანჯიკიძის განცხადებით, ქარელის რაიონში კერძოდ, სოფელ ბრეთის მეურნეობაში მცხოვრებ კოალიციის მხარდამჭერ, მირზა ხაბარელს (შოთა ხაბარელის ძმისშვილი) ამავე სოფლის რწმუნებულმა მელორ ელიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ჩხუბში გადაიზარდა.
„დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ მირზა ხაბარელი სოფლის ცენტრში კოალიციის ოფისის წინ „ქართული ოცნების“ დროშით დადიოდა. ჩხუბის დროს ხაბარელი დაშავდა. მან ამ ფაქტის გამო საჩივრით მიმართა სასამართლოს. თუმცა სასამართლომ ხაბარელს და თეიმურაზ ჩაგელიშვილს, რომელიც თან ახლდა ხაბარელს, 60 დღის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
კოალიციის პრესპიკერის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამ დრომდე არ აქვს ოფისი ნინოწმინდაში. მისი თქმით, ოფისის დაქირავებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება შედგა რამდენიმე ადამიანთან, თუმცა მათ ხელისუფლების ზეწოლების გამო ოფისის მიქირავებაზე კოალიციას უარი უთხრეს.
ფანჯიკიძე აღნიშნავს, ამ ფაქტის შესახებ მიმართეს უწყებათაშრის კომისიას, ამ უკანასკნელმა მათ რამდენიმე ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი შენობა შესთავაზა, თუმცა მისი თქმით, იქ შესვლა შეუძლებელია.
ფანჯიკიძის განცხადებითვე, ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კომისიის 5 წევრი იმ სახლებიდან გამოასახლეს, რომლებიც მათ დაგირავებული ჰქონდათ.
„მიზეზი ის არის, რომ სახლის მფლობელს, მადლენ ყარსალიანს დაემუქრნენ, რომ მის შვილიშვილს, რომელიც საბაჟოზე მუშაობს, სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ, შვილს კი, სავაჭრო ობიექტს დაუხურავდნენ და დააჯარიმებდნენ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ როგორც კი ამ ფაქტის შესახებ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აცნობეს, ხელისუფლება იძულებული გახდა კომისიის 5 წევრი დაქირავებულ ბინაში დაებრუნებინათ.
კოალიციის პრესსპიკერმა ასევე ისაუბრა გორის რაიონ სოფელ დიცში მომხდარ ინციდენტზე. მისი განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ზონდერები „ქართული ოცნების“ წევრს, ერასტი არჩვაძეს თავს დაესხნენ.
„ერასტი არჩვაძე 18 წლისაა. ის „ქართული ოცნების“ აქტივისტი და ეკლესიაში მედავითნეა. ერასტი „ქართული ოცნების“ ოფისთან იდგა და ჩვენი მაისური ეცვა, როცა ჩამოიარეს ბადრი ბასიშვილის ზონდერებმა და მოსთხოვეს მას მაისური გაეხადა და მასზე ფეხებით შემდგარიყო. მან ეს არ გააკეთა და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მას მიეშველნენ იქვე მაცხოვრებლები ზაქრო ვატიტაძე, ასევე მისივე სტუმრები ხვიჩა და გოჩა საძაგლიშვილები. საბოლოოდ ზონდერებმა სამივე მათგანი სცემეს და ხვიჩას მეუღლეს ფიზიკურადაც შეეხნენ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ერთ ერთი ზონდერი გოგიტა გოჩაშვილი იყო, რომელიც მისი თქმით, კარალეთის ცნობილ ინციდენტში მონაწილეობდა.
კოალიციის პრესსპიკერმა ასევე რაგბის უმაღლესი ლიგის „არმაზიში“ მოთამაშე 2 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერზე ძმებ ჯაბა და ბეთქირ ჯიშკარიანებზე ისაუბრა.
ფანჯიკიძის განცხადებით, დაახლოებით ერთი თვის წინ მცხეთაში ერთ ერთი ვარჯიშის დროს გუნდის წევრებმა „ქართული ოცნების“ მაისურების ჩაცმა გადაწყვიტეს, რამაც „ხელისუფლება წყობიდან გამოიყვანა“.
„ხელისუფლებამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეშვეობით გუნდის ხელმძღვანელობაზე დაიწყო ზეწოლა და ძმების გუნდიდან გარიცხვას ითხოვდნენ. გუნდის ხელმძღვანელობა მათ გარიცხვას არ დაეთანხმა, მაგრამ იძულებულები არიან ისინი სათადარიგო სკამზე ჰყავდეთ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი სამწუხარო მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას.
ფანჯიკიძის თქმით, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ასეთ პირობებში სამართლიან და თანასწორ საარჩევნო გარემოზე საუბარი შეუძლებელია.