„ყოველგვარი შენიშვნების, დამატებებისა და წინაპირობების გარეშე კოალიცია „ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული ვალდებულება დაიცვას სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ქცევის კოდექსი იმ სახით, როგორითაც ის ქართულ და ინგლისურ ენებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ვებგვერდზ ე 20 აგვისტოს თარიღით არის გამოქვეყნებული“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპირმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
ფანჯიკიძის განცხადებით, ვინაიდან ხელისუფლება შეგნებულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს კოალიციას არ გაუზიარებია სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემუშავებული წინასაარჩევნო ქცევის წესები, ის ვალდებულად მიიჩნევს, განმარტოს რომ კოალიციამ 23 ივლისს განაცხადა უპირობო მზადყოფნა არასამთავრობოების მიერ შემოთავაზებულ 17 პუნქტიან ქცევის კოდექსთან შეერთებაზე და ასევე ტექსტში დამატებითი პუნქტების შეტანის განხილვაზე.
„კოალიციამ 6 აგვისტოს განაცხადა, რომ შეუერთდა ინიციატორი ორგანიზაციების მიერ დაზუსტებულ დოკუმენტს, რომელშიც „ნაცმოძრაობის“ მიერ შეთავაზებული საკითხებიც აისახა და აიღო ამ დოკუმენტში მოცემული პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვის ვალდებულება.
30 აგვისტოს გამოაქვეყნა მიმართვა მონიტორინგის მექანიზმის შექმნით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით და კოალიცია დღეს კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღებული აქვს ვალდებულება დაიცვას ინიციატორი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ქცევის კოდექსი. ჩვენს მიერ აღებული ვალდებულება ვრცელდება დოკუმენტის ბოლო პუნქტზეც - „ვაღიარებთ ზემოთჩამოთვლილი პირობებით ჩატარებული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეულ არჩევნების შედეგებს“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების მიერ წამოწყებული პროცესი სწორედ „ნაცმოძრაობამ“ შეიყვანა ჩიხში და უარი თქვა დოკუმენტის საბოლოო ვერსიასთან მიერთებაზე.
„ნაცმოძრაობა“ ალეტრანტიული დოკუმენტების ფრიალით ამ ფაქტის მიჩქმალვას ცდილობს. თუ ამ განმარტების შემდეგ კიდევ გაგრძელდება სპეკულაციები იმაზე რომ, ჩვენ არ ვაღიარებთ სამოქალაქო სექტორის მიერ შემუშავებულ ქცევის კოდექსს, ჩავთვლით, რომ საქმე „ნაცმოძრაობის“ აგიტატორებთნ გვაქვს“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.