ქართველი ემიგრანტები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის მხრივ პრობლემები შეექმნათ, სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში შემოდიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი"ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ემიგრანტები იტალიიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან და საფრანგეთიდან ორი ავტობუსით დაბრუნდნენ.
მათივე განმარტებით, საზღვარგარეთ ხმის მიცემასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ და საქართველოში დაბრუნება ამიტომ გადაწყვიტეს. ემიგრანტებს სარფის საზღვართან ახლობლები ტაშით და ოვაციებით დახვდნენ.
ამასთან, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
საქართველოში დაბრუნებულმა ემიგრანტებმა სიმბოლურად თითო სატელიტური ანტენაც ჩამოიტანეს.
„სატელიტური ანტენები ახლობლებისთვის წამოვიღეთ, რათა მათთვის ინფორმაციის წყარო დახშული არ იყოს.
ქართველი ემიგრანტები დღესვე ბათუმის იუსტიციის სახლთან შეკრებას აპირებენ, სადაც გააპროტესტებენ, რომ საზღვარგარეთ ხმის უფლების გამოყენების საშუალება არ მიეცათ.
არსებული ინფორმაციით, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საარჩევნო რეგისტრაციისთვის სთხოვენ დოკუმენტს, რომლითაც ამა თუ იმ ქვეყანაში მათი საცხოვრებელი ადგილი დადასტურდება. თუმცა, ბევრ მათგანს, იმის გამო, რომ უცხოეთში არალეგალურად ცხოვრობს, მსგავსი დოკუმენტის წარდგენა არ შეუძლია.