ილონა იარმოლიუკი “Euobserver.com”
5 აგვისტოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ოპოზიციის ლიდერის იულია ტიმოშენკოს დაპატიმრება, დღემდე მთავარი ახალი ამბავია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთში. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გამოიტანს. პეჩორის სასამართლოდან, სადაც პროცესი იმართება, ინფორმაცია ისეთივე სიხშირით მოედინება, როგორც ამინდის პროგნოზი
საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც პროკურორის არგუმენტებს არ უღრმავდება აღშფოთებულია და ამტკიცებს, რომ ტიმოშენკოს წინააღმდეგ სასამართლო პროცესს, პოლიტიკური სარჩული უდევს. ამ საქმის დეტალებში გარკვევა თავად უკრაინელებსაც უჭირთ, მაშინ როდესაც უცხოელი დიპლომატების და მედია-საშუალებების უმრავლესობას ამის მცდელობაც კი არა აქვს.
დასავლეთში ზოგიერთი შიშობს, რომ უკრაიანა პოსტ-საბჭოთა ავტორიტარიზმს დაუბრუნდება. სხვებს იმის ეშინიათ, რომ ძალიან წარმატებული გახდება და ევროპულ თანამეგობრობას შეუერთდება – ტიმოშენკოს წინააღმდეგ აღძრული შესაძლო „პოლიტიკური“ საქმე მისი ევროპული მისწრაფებების ტორპედირების შესაძლებლობაა.
უკრაინის მმართველმა წრეებმა აშკარად ვერ შესძლეს ამ საქმეზე საკუთარი მოსაზრების გაცნობა არათუ უცხოელებისთვის, არამედ საკუთარი მოსახლეობისთვისაც. იმავდროულად, ტიმოშენკოს უცხოური პიარ-მანქანა საათის მექანიზმივით მუშაობს – კარგად დამუშავებული ინფორმაცია უწყვეტ ნაკადად მოედინება.
ეს სასამართლო პროცესი ან ბოლოს მოუღებს მის კარიერას, ან პოლიტიკაში მის ტრიუმფალურ დაბრუნებას შეუწყობს ხელს.
პირველად ტიმოშენკო 1995 წელს კონტრაბანდის ბრალდებით დააპატიმრეს. იმ დროს ის კორპორაცია „უკრაინული საწვავის“ თანადამფუძნებელი იყო. ეს კომპანია მოგვიანებით მძლავრ საწარმო-ფინანსურ კორპორაციად გადაიქცა, სახელმწოდებით „უკრაინის ერთიანი ენერგეტიკული სისტემები“. ის ხელახლა 2001 წელს დააპატიმრეს, როდესაც ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მუშაობდა და ბრალად უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პავლე ლაზარენკოს მოსყიდვა წაუყენეს, რომელიც დღეს აშშ-ს ციხეში სასჯელს ფინანსური მაქინაციების ბრალდებით იხდის. ტიმოშენკომ საგამოძიებო იზოლატორში 42 დღე გაატარა.
მაშინ ტიმოშენკოს 242-ე კამერაში (სადაც ის 2001 წელს იჯდა) ხელახლა მოხვედრის შანსს ალბათ ცოტა თუ იწინასწარმეტყველებდა, მაგრამ „არასდროს სთქვა – არა“. ეს ისევ მოხდა და საქმე კვლავ რუსულ გაზთან არის დაკავშირებული.
უკრაინის საუკეთესო გამომძიებელმა ჟურნალისტებმაც კი არ იციან, ბოლოს და ბოლოს რა მოხდა ამ გაზის რუსულ-უკრაინულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელსაც ტიმოშენკომ 2009 წელს ხელი მოაწერა.
პრემიერ-მინისტრობის დროს, 19 იანვარს ტიმოშენკომ ხელი მოაწერა „განკარგულებას“, რომელმაც უკრაინულ „ნაფტოგაზს“ რუსეთის „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმების ნება დართო. ამ დოკუმენტის საფუძველზე, მოგვიანებით ის „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელ ოლეგ დუბინს კონტრაქტზე ხელის მოწერას აიძულებს. კონტრაქტის თანახმად, უკრაინისთვის ათასი კუბომეტრი გაზის საბოლოო ფასი 450 დოლარით განისაზღვრა, გარდა ამისა, ამ ხელშეკრულების თანახმად ქვეყანამ აირის დადგენილი მოცულობა ყოველთვე უნდა შეიძინოს ან გადაიხადოს მისი ფასი იმ შემთხვევაშიც, თუკი ქვეყანას ამ ოდენობის გაზი არ დასჭირდება. იგივე კონტრაქტის თანახმად, „გაზპრომს“ ევროკავშირისთვის უკრაინის გაზის მაგისტრალებით გაზის განსაზღვრული მოცულობის მიწოდების არანაირი ვალდებულება არ აუღია.
ეს ძალიან არასასურველი პირობებია, როგორც „ნაფტოგაზის“, ასევე მთელი უკრაინული ეკონომიკისთვის.
როგორც სასამართლო მოსმენების დროს გაირკვა, ტიმოშენკოს ამ „განკარგულებაზე“ ხელის მოწერისა და კონტრაქტის ხელმოწერაზე დუბინის იძულების უფლება არ ჰქონდა.
განკარგულება კანონიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუკი მას მთავრობის ყველა წევრი მოიწონებდა და არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრი. მარტივად რომ ვთქვათ, ტიმოშენკომ ძალიან სერიოზული დოკუმენტი გააყალბა.
ბოლო დროს გამართულ ერთ-ერთ სხდომაზე მან შეკითხვა დასვა: „მე წარმოვადგინე ჩემი ინსტრუქცია, რომელიც დასათაურებულია, როგორც „განკარგულება“. იმის გამო, რომ ვიღაცას მიაჩნია, რომ ამ დოკუმენტს სხვა სახელი უნდა ერქვას, ამიტომ უნდა გამიშვან ციხეში შვიდი ან ათი წლითაც კი?“ მას ასეთივე წარმატებით შეეძლო ეკითხა: „თუკი მე ჩემი გაკეთებული ყალბი ბანკნოტი გამოვიყენე, შეიძლება ეს ყალბისმქნელობად ჩაითვალოს?“. დიახ, რა თქმა უნდა.
სასამართლოსთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ტიმოშენკო დუბინს თანამდებობიდან მოხსნით ემუქრებოდა, თუკი ის კონტრაქტს ხელს არ მოაწერდა. „მე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ჩემს მიერ 2009 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი განკარგულებების (ინსტრუქციების) შესრულება „ნაფტოგაზის“ ყველა ჩინოვნიკისთვის სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამსახურიდან დაითხოვდნენ“ – განაცხადა ტიმოშენკომ. ჩვენი კანონის თანახმად, პრემიერ-მინისტრს „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელის მოხსნის უფლებამოსილება არ გააჩნია.
ტიმოშენკოს დაცვა ძალიან სუსტია, ამიტომ სასჯელისთვის თავის არიდების ერთადერთ იმედად მას დასავლეთის მხრიდან კიევზე ზეწოლა რჩება.
დასავლეთი შოკში ჩააგდო ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ გასულ თვეში მოსამართლემ სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო (საინტერესოა, არსებობს კი მსოფლიოში თუნდაც ერთი მოსამართლე მაინც, რომელიც მის გამომწვევ საქციელს მოითმენდა) ტიმოშენკოს დაპატიმრებაზე გადაწყვეტილება გამოსცა. ამას უცხოეთიდან უზარმაზარი საპროტესტო ტალღა მოჰყვა – თავდაპირველად მოსკოვიდან, შემდეგ ვაშინგტონიდან, ბერლინიდან, პარიზიდან, ბრიუსელიდან, ლონდონიდან, მადრიდიდან და ვარშავიდან.
ძველი ევროპის რეაქციის მესმის – უკრაინა მათთვის ყოველთვის უსიამოვნებების წყარო იყო. არანაკლებ ცინიკურია კიევის მიმართ ახალი ევროპის დამოკიდებულება, მიუხედავად მათი სიმპათიისა ”ნარინჯისფერი რევოლუციის” მიმართ, მაგრამ მოსკოვი? უკაცრავად, მაგრამ მაშინ რა ვუყოთ ლიბერალ რეფორმატორად გარდაქმნილი ნავთობმაგნატის მიხეილ ხოდორკოვსკის დევნას? ან მაგნიტსკის საქმეს, როდესაც აშშ-მ იმ 60 რუს ჩინოვნიკს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ციხეში მის მკვლელობაში, ქვეყნაში შესვლა აუკრძალა. ეს მხოლოდ ის ორი მაგალითია, რომელიც უკრაინის საქმეში რუსეთის ნებისმიერ ჩარევას სასაცილოს ხდის.
კრემლს არ დაუმალავს მისი კმაყოფილება 2009 წლის გაზის ხელშეკრულებით. საქმე ის არის, რომ თუკი ტიმოშენკოს დამნაშავედ ცნობენ, უკრაინას გაუჩნდება ყველა საფუძველი იმისთვის, რომ კონტრაქტის პირობებს გადახედოს, ხოლო ევროპაში გაზის ახალი ომი დაიწყება.
მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსეთსა და ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში დაინტერესებულები არიან იმით, რომ უკრაინა სუსტ და არასტაბილურ ქვეყნად დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სურათი ალოგიკურია. მაშინ რატომ არ აპროტესტებენ ისინი ათობით სხვა უკრაინელი პოლიტიკოსის სამართლებრივ დევნას? რით არის ტიმოშენკო განსაკუთრებული?
დასავლეთში, ყოფილი ლიდერები კანონის წინაშე ხელშეუხებლები არ არიან. დომინიკ სტროს-კანი? საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი? 2001 წლის მარტში შირაკი კორუფციის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგა და ამას მისმა პატივსაცემმა ასაკმაც (78) კი ვერ შეუშალა ხელი. საფრანგეთის დღევანდელ საგარეო საქმეთა მინისტრს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ალენ ჟიუპეს 2004 წელს სახელმწიფო სახსრების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 18 თვიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.
დასავლეთში შესანიშნავი წესი არსებობს – კანონის წინაშე ყველა თანაბარია. რატომ ართმევენ უკრაინას შესაძლებლობას დაანგრიოს ეს მოძველებული სტერეოტიპები, რომლის თანახმადაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენება არ ისჯება?
ირინა იარმოლიუკი – თავისუფალი ჟურნალისტი უკრაინაში.
foreignpress.ge
869
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85