საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე 2009 წლის 26 მაისის აქციაზე მისვლას გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმაცია Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ტელეგრამაშია მოცემული, რომელიც 2009 წლის 25 ივნისს, საქართველოში აშშ-ის მაშინდელი ელჩის ჯონ ტეფტის მიერ არის შედგენილი.
როგორც დიმიტრი შაშკინი აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან საუბრისას აცხადებს, 2009 წლის 26 მაისს ხელისუფლებამ მიიღო ცნობა, რომ პატრიარქი აქციაზე მისვლას გეგმავდა, თუმცა შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო ილია მეორემ ეროვნულ სტადიონზე მისვლა გადაიფიქრა.
„შაშკინმა განაცხადა, რომ 26 მაისის აქციას შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან, იუსტიციის მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან და რამდენიმე სხვა ადამიანთან ერთად უყურებდა, როცა საპატრიარქოდან წყარომ შეატყობინათ, რომ პატრიარქი აქციაზე მისვლას გეგმავდა. მისი თქმით, ყველა მაშინვე მიხვდა მსგავსი სტუმრის მნიშვნელობას, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ პატრიარქის დარწმუნების, რათა იგი არ წასულიყო აქციაზე, შესაძლებლობა არ ჰქონდათ. თუმცა, შაშკინის განცხადებით, როცა გიორგი გაჩეჩილაძეს (უცნობს) სტადიონზე, როგორც მესიას, ისე დახვდნენ, პატრიარქი გაბრაზდა და ქადაგების დროს მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რომელიც ფართო საზოგადოებამ არასაპარლამენტო ოპოზიციის დაგმობად და სააკაშვილის მხარდაჭერად აღიქვა“, - ვკითხულობთ ტელეგრამაში.