ტყვია – სახელმწიფოსგან

ტყვია – სახელმწიფოსგან

მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა, წელს, დადო ჭიათურის მაღაროთა სამმართველოში, კასპის ცემენტის ქარხანასა და “საქართველოს თამბაქოს” წარმოებაში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები. კვლევების ფარგლებში, შესწავლილ იქნა საწარმოთა ჰიგიენური მდგომარეობა, დასაქმებულების ჯანმრთელობა, მათ შორის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ქიმიური უსაფრთხოება. 

ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიური კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ნანა ჩხაიძე ამბობს, რომ მიღებული შედეგის განზოგადება მთელ წარმოებებზე სწორ სურათს არ მოგვცემს, თუმცა ამ სამ საწარმოში ჩატარებულმა რეფერენს-კვლევამ ავადობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გამოავლინა. 

დაავადებათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დაფიქსირდა. იქ დასაქმებულებს აწუხებთ: გულ-სისხლძარღვთა პრობლემა - 22,10%, ნერვული სისტემის პრობლემა - 22%, კანის პრობლემები - 18,40%, სასუნთქი სისტემის პრობლემები - 13,60%, სმენის ნევრიტი - 13,20%. მარგანეცის წარმოება შრომის მავნე პირობებით, პროფესიული რისკის მაღალი ჯგუფებით ხასიათდება. “ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მუშები სამუშაო დროის 51,2-79,2% განმავლობაში მავნე ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ ატარებენ. 

ავადობის ყველაზე მეტი შემთხვევა აქ 50-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში აღმოჩნდა, ადამიანებში, ვისი შრომითი სტაჟი 21 წელი და მეტია. ეს პრობლემების წარსულში ძიების ნიშანი იქნებოდა, რომ არა კიდევ ერთი განმარტება, რომელსაც ნანა ჩხაიძე აკეთებს: “წლების განმავლობაში, ამ საწარმოებში კონტიგენტმა იკლო, საწარმოების ნაწილი დახურულია, ნაწილი ისეთი დატვირთვით არ მუშაობს, ბევრგან ახალგაზრდა თაობა დასაქმდა, მაგრამ ჭიათურაში, ჩვენდა გასაოცრად, მაღალი წნევის მატარებლები სწორედ ახალგაზრდები იყვნენ.” მაღალი წნევა ორგანიზამში ტყვიის დიდი ოდენობით არსებობის ერთ-ერთი შედეგია. მისი კიდევ ერთი შედეგი ათეროსკლეროზის ნაადრევი განვითარებაა. 
 
ტყვიის შემცველობის ზედა ზღვარი თმაში 5 მკგ/გ–ია. კვლევის ფარგლებში, შემოწმებულ იქნა კასპის ცემენტის ქარხნის, სხვადასხვა პროფესიის 10 მუშის (მემანქანე, მტვირთავი, შემფუთველი და სხვა) და ჭიათურის სამთამადნო წარმოების სხვადასხვა პროფესიის 75 მუშის (ამფეთქებელი, მებიგე, მბურღავი, გვირაბგამყვანი და სხვა) თმის ნიმუში. კასპში თმის სპექტრალურ ანალიზში ტყვიის მაღალი დონე ნანახი იქნა მხოლოდ 1 შემთხვევაში - 11.10 მკგ/გ.-ს. ჭიათურაში თმის ტყვიის მაღალი დონე ნანახი იქნა 3 შემთხვევაში - 11,10 მკგ/გ-ს. 
 
შემოწმება სხვა მძიმე მეტალებზეც გაკეთდა. შედეგად, კალიუმის შემცველობის დაბალი დონე ნანახი იქნა კასპში 5 და ჭიათურაში 37 შემთხვევაში. კალიუმის შემცველობის ქვედა ზღვარი თმაში არის 70 მკგ/გ, რისი დაქვეითებაც იწვევს კუნთების სისუსტეს, ადვილად დაღლას, დეპრესიის, შრომის უნარიანობის დაქვეითებას, არითმიას.  

რკინის მაღალი დონე კასპში ნანახი იქნა 7 და ჭიათურაში - 25 შემთხვევაში. რკინის შემცველობის ზედა ზღვარი თმაში 25 მკგ/გ–ია. რკინით ხანგრძლივმა ინტოქსიკაციამ, შეიძლება, გამოიწვიოს სისხლის ბაქტერიოციდული აქტივობის შემცირება, ანთებითი პროცესების გააქტიურება, დისბაქტერიოზი, ტოქსიკური ჰეპატიტის, ენცეფალოპათია, კანის პიგმენტაცია, ასთენია. 

კასპსა და ჭიათურაში სპილენძის დაბალი დონე ნანახი იქნა 5 შემთხვევაში. სპილენძის შემცველობის ქვედა ზღვარი თმაში 7 მკგ/გ–ია. მისი დეფიციტის ძირითადი გამოვლინებებია: ანემია, თმის სტრუქტურისა და ფერის შეცვლა, კანის დეპიგმენტაცია, ნაადრევი ნაოჭების გაჩენა, ოსტეოპოროზი, ხშირი მოტეხილობები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ნერვული იმპულსების გადაცემის დარღვევა. 

სელენის დაბალი დონე კასპში ნანახი იქნა 6 და ჭიათურაში - 24 შემთხვევაში. სელენის შემცველობის ქვედა ზღვარი თმაში 5მკგ/გ. სელენის ნაკლებობას არ გააჩნია სპეციფიკური სიმპტომები, მაგრამ, მისი ხანგრძლივი დეფიციტისას, ზიანდება სისხლძარღვოვანი სისტემა, სუსტდება იმუნიტეტი, ვითარდება ნაადრევი დაბერება.

სტრონციუმის მაღალი დონე ნანახი იქნა კასპში 6 შემთხვევაში. სტრონციუმის შემცველობის ზედა ზღვარი თმაში 5 მკგ/გ–ია და იგი არ წარმოადგენს ადამიანისთვის აუცილებელ ელემენტს. ორგანიზმში მოხვედრისას, კალციუმის ნაკლებობის შემთხვევაში, სტრონციუმი გადადის ძვლებში და იწვავს რაქიტის განვითარებას. 

ჭიათურაში მანგანუმის (Mნ) მაღალი დონე აღენიშნებოდა ყველა გამოკვლეულ პირს - დაახლოებით 112,67 მკგ/გ. მანგანუმი მონაწილეობს ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში, გავლენას ახდენს ძვლის ქსოვილის ჩამოყალიბებაზე, თიროქსინის ცვლაზე, და ამ გზით წარმოადგენს რისკფაქტორს შაქრიანი დიაბეტის, არტრიტების, ოსტეოპოროზის განვითარებისათვის; მანგანუმით ხანგრძლივი ინტოქსიკაციისას შეიძლება ჩამოყალიბდეს: ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება; სისუსტე; მეხსიერების დაქვეითება; დეპრესიულობა.

ქრომის სიჭარბე ჭიათურაში გამოუვლინდა 18 პირს - 7,6მკგ/გ. ქრომის ზედა დასაშვები ზღვარი 5,0 მკგ/გ–ია. ქრომით ხანგრძლივი ინტოქსიკაცია იწვევს კანის დაზიანებებს - დერმატიტის და ეგზემას. კვლევის მიხედვით, ეს აისახა ყველა გამოკვლეული პირის დერმატოლოგიურ დიაგნოზში. 
 
თუთიის დაბალი დონე ნანახი იქნა 24 შემთხვევაში. თუთიის შემცველობის ქვედა ზღვარი თმაში 120მკგ/გ–ია. მისი დაქვეითება იწვევს: იმუნიტეტის დასუსტებას; ხშირ ინფექციებს; კანის და ფრჩხილების დაავადებებს; ალერგიას; მეხსიერების დაქვეითებას; დეპრესიას; პროსტატის ფუნქციის დარღვევას.

მძიმეა შედეგები, რომელიც გამოკვლეულ საწარმოებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობას აღწერს. ზოგადად, ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს: ჩასახვის უნარის დარღვევა ქალებსა და მამაკაცები; ნაყოფის შენარჩუნების უნარის დარღვევა ქალებში; ახალი ორგანიზმის განვითარების შეფერხება; რეპროდუქციული ჯანმრთელობის სპეციფიკური დარღვევები ჩასახვის მომენტიდან მის სქესობრივ მომწიფებამდე; მეძუძურ ქალებში - ლაქტაციის ფუნქციის დარღვევა; თაობებში - ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარება. 

კვლევის მიხედვით, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობა “კასპიცემენტში” ასეთია: 10 წლამდე სტაჟის მქონეებში მეტია ახალშობილის მცირე წონა, 25 წელზე მეტი სტაჟის მოქონეებში - მკვდრადშობადობა. ჭიათურმანგანუმის საწარმოებში ყველაზე მაღალი და საგანგაშო მაჩვენებელი აქვთ 5 წლამდე სტაჟის მქონე ქალებს. მათ შორის, ძალიან მაღალია მკვდრადშობადობისა და სპონტანური აბორტების მაჩვენებელი. ამ თვალსაზრისით, საგანგაშოა 6-10 და 25 წელს ზევით სტაჟის მქონეთა ქალთა მაჩვენებლიც. კვლევის შედეგად გამოვლინდა, ასევე, თაობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის დარღვევა. 

ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ პერიოდული სამედიცინო გასინჯვების შედეგების რეტროსპექტული ანალიზით გამოვლენილი ავადობის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატებოდა ინტერვიურირების-პირისპირ მეთოდით მიღებულ მაჩვენებელს. „ყველაზე საინტერესო ისაა,“ – ამბობს ნანა ჩხაიძე, – „რომ ავადობა, სუბიექტური ჩივილებით და დოკუმენტაციით, ბევრად უფრო ნაკლები გამოვიდა, ვიდრე რეალურად გამოვიკვლიეთ. ადამიანები მალავენ, რომ ავად არიან. მათ ეშინიათ, რომ სამსახურს დაკარგავენ და არ ამხელენ ამას. სიღრმისეულმა კვლევამ აჩვენა, რომ ავადობა ორჯერ იმაზე მეტია, ვიდრე არსებული დოკუმენტაციით ფიქსირდება.“  

ამ დოკუმენტაციას, ძირითადად, საავადმყოფო ფურცელი. საქართველოში დღეს: აღარ ტარდება დასაქმებული მოსახლეობის პროფილაქტიკური (წინასწარი და პერიოდული) სამედიცინო გასინჯვები; შესუსტებულია შრომის ჰიგიენური პირობების კონტროლი საწარმოებში, ხშირად დაცული არ არის შრომის უსაფრთხოების, სამუშაო ადგილებზე ჰიგიენური ნორმების, შრომისა და დასვენების შესაბამისი რეჟიმების ელემენტარული მოთხოვნები; დასაქმებულთათვის ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტების შემუშავებისას არ ხდება პროფესიული რისკების გათვალისწინება. 

შრომის კოდექსის 35-ე მუხლი დამსაქმებელს ავალებს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა დასაქმებულის ჯანმრთელობის დასაცავად, მაგრამ არ არსებობს მექანიზმი, რომელიც გაარკვევდა, ასრულებს თუ არა იგი ამ ვალდებულებას. 2007 წლიდან, პროფესიული დაავადებების გამო, პენსიას ვეღარავინ ინიშნავს, შესაბამისი წესი აღარ მოქმედებს. იქამდე, ამ წესით, პროფესიულ უნარის დაკარგვის შემთხვევაში, ადამიანს, პენსიის სახით, სრულად, 100%-ით ენიშნებოდა ხელფასი, რომელსაც იღებდა. პენსიას დაზარალებულს ქვეყნის ბიუჯეტი უხდიდა. ახლა წარმოებები კერძო მფლობელობაში გადავიდა და არც ერთი საკანომნმდებლო აქტი არ ამბობს, პროფესიული დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, ვინ უნდა იხადოს დაავადებულისთვის დანიშნული პენსია. 

დაავადებების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე, ჭიათურის მაღაროთა სამმართველოში 7 მაღარო შედის. კლდეში ჰორიზონტალურად გაჭრილ, 5-6 კილომეტრი სიღრმის გვირაბებში დასაქმებულები სამ ცვლაში მუშობენ: დილის 9–დან დღის 4 საათამდე, 4-დან – 12 საათამდე, 12-დან – დილის 7 საათამდე. იმისთვის, რომ ხელზე 280 ლარი მიიღოს, გვირაბგამყვანმა, მეწყვილესთან ერთად, ცვლაში 30 ტონა ქანი უნდა ააფეთქოს, მოანგრიოს, გაწმინდოს და გვირაბი გაამაგროს. თუ დღიური განაკვეთი 100 პროცენტით არ შესრულდა, ხელფასი იკლებს. 

47 წლის ფიზიკოსი მერაბ ჩინჩალაძე, რომელიც ჭიათურის მაღაროთა სამმართველოში სამუშაოდ 7 წლის წინათ მივიდა, ამბობს, რომ სამუშო პირობები იქ რთულია. დასაქმებულებს მუხლამდე ტალახში, დაგლეჯილი რეზინის ჩექმებითაც უწევთ მუშაობა, საჭირო რაოდენობით იარაღების არარსებობისა და არასაკმარისი განათების პირობებში. დღეისთვის, ჭიათურის მაღაროთა სამმართველოში 3500-მდე ადამიანია დასაქმებული. 200 000–ს აჭარბებს მომუშავეთა რაოდენობა იმ ქართულ საწარმოებში, სადაც ძირითადი მავნე ფაქტორი ქიმიური ნივთიერებებია. 

ტყვია მათთვის სახელმწიფოს არ ენანება.