ბურებმა საქართველოდან წერილი მიიღეს - ნაქურდალი მიწა არ შეგრჩებათო

ბურებმა საქართველოდან წერილი მიიღეს - ნაქურდალი მიწა არ შეგრჩებათო

აგვისტოში დიასპორის სამსახურის წარმომადგენლები თავგამოდებით აცხადებდნენ, რომ ივლისის თვეში საქართველოში მოწვეული ბურები მხოლოდ საინფორმაციო ტურით იყვნენ ჩამოსულნი და რაიმე კონკრეტული კომერციული გადაწყვეტილება არ მიუღიათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბურებმა კახეთსა და სართიჭალაში ჰექტრობით მამულები შეიძინეს.   

ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, ბურები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში,  სოფელ წვერმაღალასაც ეწვივნენ, რომლის ადგილობრივი ხელისუფლებაც მათთვის მიწების გადაცემას გეგმავდა. თუმცა საინტერესოა, რომ იქაურმა მოსახლეობამ ბურების ჩამოსვლა გააპროტესტა. მათ ღიად განაცხადეს, ჩვენი მიწების დამუშავება ჩვენ თვითონ გვინდაო. გურულების საყვედური მით უფრო გასაგები იყო, რომ  დღემდე უამრავი ადამიანი ცხოვრობს ნატანების, მთისპირის, ასკანის მეწყრულ ზონაში და ჯერ კიდევ გადასაწყვეტია მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი.

ასეთივე ვითარება იყო დედოფლისწყაროში. სწორედ იქაურ სოფლებში იგეგმებოდა აფრიკელი ფერმერების ჩასახლება. თუმცა ბურებმა როცა დაინახეს, ურწყავ მიწას სთავაზობდნენ, უკანმოუხედავად გაეცალნენ იქაურობას.

ამის მიუხედავად, უფრო გაბედული ბურებიც გამოჩნდნენ, ვინც კახეთსა და სართიჭალაში შეიძინა მიწები, ახლა კი რუსთავის შემოგარენსაც უმიზნებენ.

ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში პაატა კოღუაშვილი ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ ბურების თემა ჩვენს ხელისუფლებას კაპრიზად და აკვიატებად ჰქონდა ქცეული, ისე რომ, არ უფიქრდებოდნენ,  რას მოუტანდა ეს ქვეყანას.

 

„რადგან საქართველოში ყველაფერი დიდებული და აღმშენებლური დაკავშირებულია დავით აღმაშენებელთან, ჰგონიათ, რომ ყველა მისი გადაწყვეტილება სასიკეთო იყო. სიმბოლურია, 40 000 ყივჩაღი და  40 000 ბური. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყივჩაღების უდიდესი ნაწილი საქართველოდან გაძევებულ იქნენ, რადგან მათ დავით აღმაშენებლის წინააღმდეგ ორჯერ მოაწყეს შეთქმულება. ისინი ვერ შეეწყნენ საქართველოს იმიტომ, რომ ვერ გაიგეს  ჩვენი ეთნოფსიქოლოგიური და კულტურული მაჩვენებლები. ვერც ბურები გაიგებენ“.

 

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ბურები ქართველ გლეხებზე უკეთ სოფლის მეურნეობაში ვერ ერკვევიან. ხოლო ჩვენს გლეხს შესაბამისი პირობები რომ ჰქონოდა, საქართველოს ააყვავებდა. ამ დროს კი 20 წლის მანძილზე ქართველ გლეხებს საკუთარი შესაძლებლობის გამოვლინების საშუალება არ მიეცა.

 

დღესაც, ექსპერტი „პრესაგე.ტვ“-სთან საუბარში აცხადებს, რომ სულ ახლახანს ბურებმა მიზერულ ფასად შეიძინეს მიწები საქართველოში.

 

„ბურები უკვე საქართველოში არიან, ივლისსა და აგვისტოს თვეში ძალიან ბევრი მიწა იყიდეს. 1000 ჰექტარზე მეტი იყიდეს კახეთში, სულ რამდენიმე დღის წინ კი 250 ჰექტარი არაჩვეულებრივი მიწები იყიდეს სართიჭალაში, ხოლო რუსთავის ირგვლივ რამდენიმე ათასი ჰექტარი მიწის შესყიდვა სურთ“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.

 

მისი თქმით, ჯერჯერობით 40 ათას ბურზე საუბარი არაა, მაგრამ ჩვენი მთავრობა  ბურებს არ ეშვებადა მათ საქართველოში ეპატიჟება.

 

„რამდენ ბურზეა საუბარი, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი თვალით ვნახე ოთხი ბური. ამ შემთხვევაში, უცხოელ ფერმერთა რაოდენობა არაა მთავარი, არამედ მიწის უზარმაზარი მასივების გასხვისებაზეა საუბარი. ეს ქვეყანა და ამ ქვეყნისადმი დამოკიდებულება ოდითგანვე მიბმული იყო მიწასთან ქართველი კაცის მარადიულ ურთიერთობაზე. როცა ეს მიწა სხვისი იქნება, მერე კიდევ დამატებით ჩამოვლენ  სხვები და დასახლდებიან. დანარჩენი ბურებიც ჩამოვლენ, აბა, რას იზამენ? ამდენ მიწას თუ იყიდიან, ნელა-ნელა ისინიც მოემატებიან. ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხის მოსახლეობა მათი ჩამოსახლების წინააღმდეგია. კახეთშიც წინააღმდეგნი იყვნენ, სართიჭალაშიც. აგერ, ლაგოდეხისკენ ჭიანურის ტყე იყიდეს და უზარმაზარ ტყეს კაფავენ“.

 

ექსპერტი აცხადებს, რომ სრულიად შემთხვევით მოუწია საჯარო რეეტრში მისვლა და გაოცდა, როცა იქ ბურები იყვნენ დაფიქსირებულნი.

 

„ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ აბსოლუტურად მუქთად, თითქმის უფასოდ, დაბალ ფასად ასყიდებენ მათ მიწებს. ეს არის გადამეტება და გადაჭარბება ამ ინვესტიციებთან მისწრაფებაში, რაც სასაცილო და წარმოუდგენელი რამაა. ბურები ისევ გამოჩნდნენ ჩვენთან და ისარგებლეს იმ მომენტით, რომ ივლის-აგვისტო მკვდარი სეზონი იყო, არავის ეცალა ამისთვის და შეისყიდეს მიწები. რაც მთავარია, კიდევ აქვთ სურვილი, იყიდონ ეს მიწები“.

 

პაატა კოღუაშვილი აცხადებს, რომ ბურები არავითარი ინვესტიციის ჩადებას არ აპირებენ საქართველოში. მთავრობა მათ კაპიკებში აძლევს მიწას, ხოლო თავის დროზე, როცა ბურები ქართული მიწების დასათვალიერებლად იყვნენ ჩამოსულნი, ბინის ქირას მათ საქართველოს მთავრობა უხდიდა.

 

„საქართველოს ყველა კუთხეში გლეხები ლამის აუჯანყდნენ ბურებს. ღია წერილი მივწერეთ ბურების ფერმერთა კავშირს, სადაც ვუთხარით, რომ ეს არის ნაქურდალი მიწა და ეს ნაქურდალი მიწა არ შეგრჩებათ-თქო. ეს მიწა წაგერთმევათ-თქო. ვგულისხმობ იმ დროს, როცა სასამართლოსა და კანონის მეშვეობით შეფასდება ამ მთავრობის საქციელი და ქართული მიწა ბურებს ჩამოერთმევა“, - აღნიშნა პაატა კოღუაშვილმა ჩვენთან საუბარში.

 

ბურების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება დიასპორის მინისტრის მოადგილესთან, ნიკა ავალიანთან ვცადეთ. თუმცა მან იმ მოტივით, რომ გრიპი ჰქონდა და იწვა, ვერ დაგვიდასტურა ბურების მიერ კახეთსა და სართიჭალაში მიწების შეძენის ამბავი და სახელმწიფო მინისტრის პიართან, შორენა კირვალიძესთან გადაგვამისამართა.

 

რაც შეეხება შორენა კირვალიძეს, იგი აცხადებს, რომ ბურებმა მიწის ნაკვეთები შეიძინეს არა სახელმწიფოსგან, არამედ კერძო პირებისგან.

 

ადასტურებთ, რომ ბურებმა საქართველოში მიწები შეიძინეს? მოყვებიან თუ არა პირველ ბურებს სხვა ბურებიც?

- ეს ინფორმაცია სად გავრცელდა?

 

ეს ინფორმაცია გავრცელდა საზოგადოებაში და მას ექსპერტებიც ადასტურებენ.

- ასეთი რამ, სხვა ბურებიც მოყვებიან თუ არა, არაფერი გამიგია ჯერ. მაგრამ არის ორი შემთხვევა, როცა ერთი ნაკვეთი კახეთში იყიდეს კერძო პირისგან და ერთიც სართიჭალაში. არავის არავინ არ მოყვება.

 

ანუ 40 ათას ბურზე საუბარი გადაჭარბებულია?
- რა 40 ათას ბურზეა საუბარი?!

 

თავიდან რატომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოში 40 ათასი ბური შემოდიოდა?

- ეს ჩვეულებრივი ჭორი იყო. როგორ წარმოგიდგენიათ, 40 ათასი ადამიანი ფიზიკურად აიყრებოდა და მოადგებოდა საზღვარს?

 

მაშინ, დამიზუსტეთ, რამდენი ბური აპირებდა საქართველოში ჩამოსახლებას?

- იმ დროს არც 40 ათასი მოდიოდა, არც 20 ათასი. 20 კაციც არ მოდიოდა. უბრალოდ, ადამიანები დაინტერესებულები იყვნენ საქართველოთი, ჩამოვიდა 20 კაციანი დელეგაცია. მათ დაათვალიერეს აქაურობა და მათგან ორმა ადამიანმა გადაწყვიტა,  ეყიდა მიწა. ერთმა მიწა იყიდა კახეთში, ხოლო მეორემ - სართიჭალაში. ისიც, მიწები იყიდეს არა სახელმწიფოსგან, არამედ კერძო პირისგან.

 

კახეთში სად შეიძინეს მიწა? ბურებს შირაქისა და ელდარის ნოყიერი საძოვრები უნდოდათ.

- ჩემი ინფორმაცია ისაა, რომ შირაქი და ელდარი არავის უთქვამს. უბრალოდ, მიწა იყიდეს ლაგოდეხში.

 

რატომ შეიძინეს მიწები ივლის-აგვისტოში, როცა მკვდარი სეზონი იყო და თანაც მიზერულ ფასად? დაგვიკონკრეტეთ, რა ფასად და რამდენი ჰექტარი მიწა შეიძინეს?

- ეგ არ ვიცი, პირადად მე არ დავსწრებივარ ყიდვა-გაყიდვას, მაგრამ არც ივლისი იყო, არც აგვისტო. თუ ადევნებდით თვალყურს ტელევიზიას, სიუჟეტიც კი გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით. ეს მოხდა მაისის თვეში. დეტალებსა და ჰექტრებზე ვერაფერს მოგახსენებთ.