არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, ISET - ის კვლევითი ინსტიტუტი, ლიბერალური აკადემია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ წინასაარჩევნო პროექტის განხორციელება დაიწყეს. პროექტის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.
პროექტის მიზანია გაზარდოს ქართული საზოგადოების ინფორმირებულობა ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური პარტიების პოზიციების შესახებ, ძირითადად ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.
როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე არასამთავრობოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, პროექტის ფარგლებში იმუშავებს ვებ გვერდი -www.econpolicyfact.ge, რომელიც ამომრჩევლებს დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებს პოლიტიკური პარტიების პოზიციების თაობაზე მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით: სოფლის მეურნეობა, სოციალური დაცვა, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, მაკროეკონომიკური პოლიტიკა და ა. შ.
პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები ასევე პარტიათა პროგრამების ექსპერტულ შეფასებას წარმოადგენენ და პოლიტიკური პარტიების და მათ შესაბამის პოლიტიკურ საკითხებზე დებატებს უმასპინძლებენ.
პროექტის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური პროგრამების პრეზენტაცია შემდეგი განრიგით გაიმართება: 6 სექტემბერს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია. 10 სექტემბერს - „ახალი მემარჯვენეების“; 13 სექტემბერს - „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“; 17 სექტემბერს კი „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია.
რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ლეიბორისტული პარტიის“ ეკონომიკური პროგრამების პრეზენტაციის თარიღებს, ეს ამჯამად დგინდება და მოგვიანებით გამოცხადდება.
არასამთავრობოების მიერ წინასაარჩევნოდ პროექტის განხორციელების ფინანსური მხარდამჭერია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საჯარო პოლიტიკის ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC).
როგორც პრეზენტაციაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარე, ეკა გიგაურმა განაცხადა, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს საზოგადოებამ ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.
„როგორც ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეწყვიტონ ურთიერთბრალდებები და პროექტების პრეზენტაციაზე გადავიდნენ. პლატფორმა, რაც ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა პოლიტიკურ პარტიებს ხელს შეუწყობს თავიანთი პროგრამები ეფექტურად მიაწოდონ საკუთარ ამომრჩევლებს“, - განაცხადა გიგაურმა.