უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი, ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ოფიციალური წერილით მიმართავს და 6 სექტემბერს სასამართლოში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის დაქვემდებარებული სსიპ ქობულეთის პროფესიული კოლეჯის წინააღმდეგ ჩანიშნული სასამართლო პროცესის დაოქმებას მოითხოვს. ადვოკატის განმარტებით, სასამართლოსადმი აღნიშნული მიმართვა განპირობებულია საქმის მაღალი ინტერესით, რომელიც პროფესიულ და ჟურნალისტურ წრეებში არსებობს.
მისივე განმარტებით, საქმე ეხება მოსარჩელე თამარ კაიკაციშვილის უკანონოდ დათხოვნას საზოგადოებრივი კოლეჯის მოადგილის თანამდებობიდან, საქმისწარმოების მიმართ კი განსაკუთრებულ ინტერესს გამოთქვამს ის წარმომადგენლობები და ორგანიზაციები, რომელთაც უკვე ეცნობათ აღნიშნული შემთხვევის შესახებ. მათ შორისაა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, ევროკავშირის, გაერო–სა და აშშ–ის საელჩო. მოთხოვნა გამოწვეულია იმით, რომ სხდომის აუდიო დაოქმება ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების განხორციელებას და პროცესში მონაწილე თუ სხვა დაინტერესებული მხარის ზედმიწევნით სწორი შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას საქმისწარმოების მიმართ და მხარეთა შეჯიბრითობის ეტაპზე.
ადვოკატმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსადმი მიმართვის დროს იხელმძღვანელა საქართველოს ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ მე–13 მუხლის მე–4 პუნქტის მიხედვით, რა დროსაც, საქმის განმხილველ მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ნებართვა განხორციელდეს სასამართლო პროცესის აუდიო–ჩაწერა.
„ყველას, მათ შორის ადვოკატსაც აქვს უფლება მისთვის მნიშვნელოვან სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, მოითხოვოს სხდომის აუდიო–დაოქმება. ჩემი მიმართვა, აგრეთვე, გამომდინარეობდა იმ შესაძლებლობის არსებობით, რომელიც სასამართლო რეფორმის პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ იქნა განხორციელებული. კერძოდ, საუბარია 2010 წელს დასრულებულ პროექტზე, რომლის ძალითაც, 25 სასამართლოში, 78 ერთეული აუდიო–ჩამწერი მოწყობილების დამონტაჟება მოხდა. USAID-ის ჩემდამი გამოგზვანილ წერილში ნათქვამია, რომ ასეთი შესაძლებლობით აღჭურვილია ბათუმის საქალაქო სასამართლოც. მართალია, არსებობს ცუდი პრაქტიკა, როცა დაინტერესებულ მხარეებს სასამართლო უარს ეუბნება კანონიდან გამომდინარე აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მაგრამ არსებობს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებაც, რომლის თანახმადაც, არის საქმეები, როცა, საზოგადოების მომეტებული ინტერესის გამო, მოსამართლე ნებას იძლევა გაკეთდეს აუდიოჩანაწერი. აღნიშნულის დასასაბუთებლად, სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენების პროცესის მაგალითი მოჰყავს. ჩვენს შემთხვევაშიც, არსებობს სასამართლო დავის მიმართ მაღალი ჟურნალისტური ინტერესი, რადგანაც პრესამ თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლებას უკვე უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული და დათხოვნა არასაიმედოობის გამო” – განმარტავს არჩილ კაიკაციშვილი.
ადვოკატის მოთხოვნათან დაკავშირებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ეცნობება. შეგახსენებთ, რომ თამარ კაიკაციშვილი 2012 წლის 19 ივნისს კოლეჯის დირექტორმა, ოფიციალური ვერსიით, სასწავლო პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გაათავისუფლა, მოსარჩელე მხარემ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17 ივლისს მიმართა. დავის საგანს დირექტორის მიერ მიღებული ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა წარმოადგენს.
ხვალ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომაა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე შეეცვალა და ახლა მას ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს.