[თეონა ხარაბაძე]
რამდენიმე დღის წინ, როდესაც ქართველი კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთ თამაშს მართავდნენ, გულშამატიკივრების კადრებში ძალიან ხშირად აჩვენებდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ევროპის ერთ-ერთი არხის კომენტატორმა გაოცებულმა იკითხა, ნეტავ ვინ არის ეს გულშემატკივარი ასე ხშირად რომ აჩვენებენო.
ცხადია, სპორტულ კომენტატორს არ მოეთხოვება, საქართველოს პრემიერმინისტრს სახეზე სცნობდეს და მისი კომენტარიც გასაკვირი არ არის. ბევრად საინტერესო ის არის, მთელი პოლიტელიტა ამ თამაშებს რა სახსრებით ესწრებოდა და კიდევ, იქნებ გულშემატკივრობა რიგით ადამიანებს უკეთესად გამოსდით?
ცხადია, ამას ჩვენი პოლიტიკოსებისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ხარჯზე მსოფლიო დონის მომღერლების კონცერტები უმართონ. ყოველ შემთხვევაში, ზაფხულში რამდენიმე ასეთი კონცერტის გამართვა ძალიან წარმატებულად მოახერხეს, რომელსაც მხოლოდ პოლიელიტა და მათთან დაახლოებული ე.წ. ბომონდი ესწრებოდა. რაც მთავარია, ამ კონცერტებს არც ტელევიზიით აჩვენებდნენ, რიგით ადამიანებს ამ კონცერტების ნახვა ტელევიზორით მაინც რომ შესძლებოდათ.
როდესაც პრესაჯი.ტვ ამ საკითხით დაინტერესდა, თუ ეს კონცერტები ტელევიზიით მაინც რატომ არ აჩვენეს, პასუხად მივიღეთ, რომ ეს მომღერლები თავად არ თანხმდებიან იმას, რომ მათი კონცერტები ტელევიზიით აჩვენონ.
თუ მათ მართლაც ეს პირობა აქვთ, მაშინ ბიუჯეტის თანხებით რატომღა ჩამოჰყავთ? ბოლო დღეების განმავლობაში კი უკვე იმას ვხედავთ, რომ მთელი პოლიტელიტა, ისევ მათთან დაახლოებულ მომღერალ-მოცეკვავეებთან ერთად საგულშემატკივროდ საზღვარგარეთ დადის.
როგორც ცნობილია, საქართველოს კალათბურთის ნაკრების გულშემატკივრების ლიტვაში გადასაფრენად, რამდენიმე რეისი შესრულდა, რომელთა მგზავრები ძირითადად საკანონმდებლო ორგანოს, დედაქალაქის მერიისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ.
სხვა საკითხია, ეს პოლიტიკოსები ქვეყნის შიგნით რას აკეთებენ, მაგრამ საინტერესო ის არის, მათი ეს გასეირნება ქვეყანას რა უჯდება. ყელაზე საინტერესო კი ის არის, რომ გულშემატკივრობის მთავარი კრიტერიუმიც ხელისუფლებასთან სიახლოვეა. გამოდის, რომ რიგითი მოქალაქე, ვერც უგულშემატკივრებს და ვერც კონცერტით გაერთობა. ვისი ფულით გულშემატკივრობა მთელი პოლიტელიტა ქართველ კალათბურთელებს, არავინ იცის.
სხვათა შორის, გულშემატკივრებს შორის საქართველოს პარლამენტის წევრები საკმაოდ სოლიდური შემადგენლობით არიან წარმოდგენილები, მათ შორის არის საპარლამენტო კომიტეტების არაერთი თავმჯდომარეც. შესაბამისად, ისინი პარლამენტის საშემოდგომო სესიის გამხსნელ ბიუროს სხდომასაც ვერ დაესწრნენ. პარლამენტის აპარატის უფროსი დავით ჯანიაშვილი ამტკიცებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გასამგზავრებლად თანხა პარლამენტს არ გაუღია და ამ მიზნით პარლამენტის ბიუჯეტიდან, „არც ერთი თეთრი“ არ არის გამოყოფილი. პარლამენტის აპარატში არც გულშემატკივარი დეპუტატების ვინაობის დადასტურება შეუძლიათ, რადგან ეს „ოფიციალური ვიზიტი“ არ ყოფილა.
რაც შეეხება თანხის მმართველი პარტიის ფონდიდან შესაძლო გახარჯვას, პარტიის გენმდივანმა, ზურაბ მელიქიშვილმა ჟურნალისტებს ურჩია, რომ დაკავშირებოდნენ დეპუტატებს და პირადად ეკითხათ, თუ ვინ რა ხარჯით არის წასული.
ჩვენ ვცადეთ, რომ ეს საკითხი პრეზიდენტის და მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციებში გაგვერკვია, თუ პოლიტიკოსების გულშემატკივრობა პრეზიდენტის, ან მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან ხომ არ ფინანსდება. თუმცა, მათგან მხოლოდ ის პასუხი მივიღეთ, რომ ფონდების ხარჯვაზე ინფორმაცია ბიჯეტის შესრულების ანგარიშში იქნება წარმოდგენილი. ანუ, გამოდის, რომ ეს ინფორმაცია, თუ საერთოდ იქნება წარმოდგენილი და ზოგაგად, ქვეყნის განვითარებისა და ტურისტების მოსაზიდად საჭირო კულტურულ ღონისძიებებს არ მიაწერენ, რამდენიმე თვის განმავლობაში კიდევ მიუწვდომელი იქნება.