„თავისუფალი დემოკრატები“ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებენ. ამჯერად, ხელისუფლების მისამართით განცხადება პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა თეა წულუკიანმა გაავრცელა:
„გირგვლიანის საქმე ერთ-ერთი პირველი და სიმბოლური საქმეა, რომელმაც აჩვენა, რომ ვარდების რევოლუციამ გზიდან გადაუხვია და ის საკუთარ მოქალაქეებს დაუპირისპირდა. რეფორმირებულმა და ძლიერმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩვენ კი არ დაგვიცვა, არამედ ჩვენს შვილებს დაერია და უამრავი მათგანი დაუნდობლად დახოცა. ასეა, ანტი-დემოკრატიული და ანტი-დასავლური რეჟიმები ძალოვან სტრუქტურებს ეყრდნობიან არა ხალხის, არამედ საკუთარი თავისა და ოჯახების დასაცავად.
გირგვლიანის საქმემ აჩვენა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება კანონზე მაღლა აყენებს შინაგან საქმეთა მინისტრს და მის უახლოეს წრეს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ვერ გაექცევა თავის ვალდებულებებს, რადგან ქართული საზოგადოება და ევროპის საბჭო სამართალს ითხოვს.
სტრასბურგის განაჩენი ენუქიძისა და გირგვლიანის საქმეზე არის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და ნათელი, რადგან ცალსახად ადგენს, თუ ვინ რა დანაშაული ჩაიდინა – პრეზიდენტიდან დაწყებული გამომძიებლით დამთავრებული.
ამ განაჩენის სათანადოდ აღსასრულებლად, თავისუფალი დემოკრატები ვითხოვთ, მოცემულ ღამეს, კაფე შარდენში მსხდომი შემდეგი პირების – ოლეგ მელნიკოვის, დათა ახალაიას, გურამ დონაძის, ვასილ სანოძისა და თამარ სალაყაიას მიმართ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, რათა გამორკვეულ იქნეს გირგვლიანის მკვლელობასთან მათი კავშირი. სტრასბურგის განაჩენიდან გამომდინარე, ამ პირებისადმი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება არის გარდაუვალი.
1. აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მტკიცებულებების გამყალბებელი ორივე პროკურორის წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლოს წყალობით, ჩვენ გავიგეთ, რომ პროკურორმა მგელაძემ გააყალბა ოქმი და დაუმალა საზოგადოებას, რომ ბუხაიძემ წინასწარი გამოძიებისასვე ამოიცნო მელნიკოვი, როგორც ოქროყანაში მყოფი ადამიანი. მგელაძემ ამისათვის და სხვა ჩადენილი სიყალბეებისთვის მკაცრად უნდა აგოს პასუხი.
2. შესაბამისი, მკაცრი სანქციები გატარდეს საქმის განმხილველი, პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების მოსამართლეთა წინააღმდეგ.
3. და ბოლოს, ვადაზე ადრე გათავისუფლებული 4 მსჯავრდებული დაბრუნებულ იქნეს საპატიმროში, რათა მათ სრულად მოიხადონ ისედაც ზედმეტად გულმოწყალე სასჯელი, რომელიც მათ აპატია მიხეილ სააკაშვილმა; სააკაშვილის ეს საქციელი პირდაპირ და ცალსახად არის დაგმობილი სტრასბურგის განაჩენში.
დღეიდან, ადეიშვილის უწყებისათვის წამზომი ჩართულია. გირგვლიანის საქმეზე სამართლიანობა უნდა აღსდგეს და სხვა გამოსავალი ხელისუფლებას უბრალოდ არ აქვს. თუ სააკაშვილი, რომელმაც საზოგადოების წინააღმდეგ უსირცხვილოდ პირი შეკრა მერაბიშვილთან, პირი შეკრა ადეიშვილთან, მოსამართლეებთან, მაინც გამოიჩენს ჩვეულ სიჯიუტეს, მას წინ დიდი განსაცდელი ელის, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით, მაგრამ ასევე საერთაშორისო ასპარეზზე“.