ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციას, სიების დაზუსტების პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ კაციტაძემ მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული მონაცემების მიმართ ეუთოს წარმომადგენლებმა მაღალი ინტერესი გამოხატეს და აღნიშნა, რომ ამიტომ მათ „კარდაკარ“-ის ანგარიში გადასცა, რომლის შესახებაც ცესკოს ინფორმაცია 1 აგვისტოს მიაწოდა.
„ეუთოს წარმომადგენლებმა მხოლოდ ერთი რიტორიკული შეკითხვა დასვეს. მათ აინტერესებდათ თუ როგორ მოახერხა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ მოკლე დროში ასეთი შედეგების დადება".-განაცხადა კაციტაძემ და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ეუთოს დასკვნები, ყოველთვის გადამწყვეტია არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.
ეუთოს წარმომადგენლებსა და ცესკო-ს თავმჯდომარეს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში არსებული ვითარების შესასწავლად, თბილისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, ახლადარჩეული პრეზიდენტის რიკარდო მილიორის ხელმძღვანელობით ესტუმრა, რომელიც საქართველოში 22 აგვისტომდე დარჩება.