რატომ არ აძლევს ექსპერტიზის ბიურო პატიმარ წიკლაურის ოჯახს ექსპერტიზის დასკვნას? ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ექსპერტიზის პასუხზეა დამოკიდებული 22 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე. სათანადო ორგანოებს უკვე მიმართა საპარლამენტო ფრაქციამ „ერთობა სამართლიანობისთვის“, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. პატიმრის მამამ დასკვნის მისაღებად უკვე 5 დღეა პირი ამოიკერა და იგი თვალების ამოკერასაც აპირებს.
რა მნიშვნელობა აქვს ამ დასკვნას პატიმრისთვის და რა შანსი არსებობს იმისთვის, რომ მიიღონ, ამ საკითხებთან დაკავშირებით პრესაჯი.ტვ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარეს, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელს გია ცაგარეიშვილს ესაუბრა.
- დაახლოებით ათი დღის წინ მე მომმართა პატიმარ იოსებ წიკლაურის მამამ იმასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი ჯანმრთელობის მხრივ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი. იგი მკურნალობს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში. ეს ადამიანი ხულიგნობის მუხლით არის გასამართლებული და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მას 2 წელი უკვე მოხდილი აქვს, მაგრამ ამ ორ წელში იგი უმძიმესად დაავადდა და ახლა ამ ცენტრში ჰყავთ. მაგრამ მანამდე მას მოვლილი აქვს ყველა სტაციონარი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. მას აქვს ტუბერკულოზის უკანასკნელი ფორმა, გათიშული აქვს მარცხენა ფილტვი, დაწყებული აქვს სეფსისური მოვლენები და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მას სჭირდება ნორმალური სტაციონალური მკურნალობა და არა პატიმრობაში ყოფნა. მაგრამ ამ ადამიანს სათანადო პირობას არავინ უქმნის.
სწორედ ამიტომ მისმა მამამ მომმართა მე და, როგორც გახსოვთ, ჩვენ ჩავატარეთ ერთობლივი ბრიფინგი, როდესაც მივმართეთ სასჯელაღსრულების სამინისტროს და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს, რომ სასწრაფოდ გაეცათ ექსპერტიზის ჩატარების დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაში.
ექსპერტიზა მოითხოვა ოჯახმა და ამაზე თანხმობა განაცხადა ექსპერტიზის ბიურომ, გაფორმდა ოჯახთან ხელშეკრულება და ექსპერტიზისთვის ოჯახმა 230 ლარი გადაიხადა. არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია, მაგრამ დასკვნა ისევ არ არის გაცემული.
ამ დასკვნის გარეშე პატიმრისთვის სასჯელის გადავადება ვერ მოხდება?
- არსებული კანონმდებლობის თანახმად, ამ დასკვნის გარეშე პატიმრისთვის სასჯელის გადავადება ვერ მოხდება და ჩვენ ამას სადაოდ არ ვხდით. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა ყველა წესი დაიცვა, ექსპერტიზის ბიურომ ხელშეკრულება მაინც დაარღვია. ექსპერტი პატიმართან დაშვებული იყო 28 ივნისს და ექსპერტიზის დასკვნა ოჯახს 30 სამუშაო დღის ვადაში უნდა ჩაბარებოდა. ეს ვადა 8 აგვისტოს ამოიწურა. მას შემდეგ, ფაქტობრივად, ერთი თვე გავიდა და ოჯახს დასკვნა ისევ არ მიუღია. ამით დაირღვა საკონტრაქტო პირობები და რაც მთავარია, დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა.
მე ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი ხიზანიშვილი, რომელიც ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელობს, პირდაპირ არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და ეს არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება.
სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება რატომ არის?
- იმიტომ, რომ ექსპერტიზის დასკვნაზე არის დამოკიდებული, ამ პატიმარს სასჯელი გადაუვადდება თუ არა. სასჯელის გადავადებაზე არის დამოკიდებული ამ ადამიანის სიცოცხლე და ექსპერტიზის ბიურო ამ დასკვნას არ აძლევს. ეს კი, რბილად რომ ვთქვათ, სამსახურეობრივი გულგრილობაა. სამსახურეობრივი გულგრილობა კი, ჩვენი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
არ მიმართეთ ექსპერტიზის ბიუროს, თუ რატომ არ ხდება დასკვნის გაცემა?
- რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართეთ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 18 აგვისტოს. როგორც კი ჩავატარეთ ბრიფინგი, ბატონ ხიზანიშვილს შესაბამისი წერილი გავუგზავნე და მოვთხოვე სრული ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. ასევე მივუთითე, რომ იგი არღვევდა კანონს და ირიბად მონაწილეობდა ადამიანის მკვლელობაში იმიტომ, რომ ამ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და 22 წლის ადამიანი უკვე მომაკვდავია.
ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის აღების შემდეგ ოჯახს აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სასჯელის მოხდის გადავადება. პატიმრის გათავისუფლებას არავინ ითხოვს, საუბარია მხოლოდ სასჯელის გადავადებაზე და ეს ადამიანები იმასაც კი არ აკეთებენ, რომ ამ მომაკვდავ ახალგაზრდას გადაუვადდეს სასჯელი, რომ იქნებ მისი სიციცხლის გადარჩენა მოხერხდეს.
სასჯელის გადავადება სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს?
- რა თქმა უნდა, სასჯელის გადავადება მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ასევე უნდა დაეთანხმოს სასჯელაღსრულების სამინისტრო და, თუკი სასამართლო მიიღებს ამ განჩინებას, პატიმრისთვის სასჯელის გადავადება მოხდება. ჯანმრთელობის მდგომარეობს გაუმჯობესების შემდეგ კი დაუბრუნდება საპატიმროს და დარჩენილ სასჯელს მოიხდის.
სამინისტროს პოზიცია თუ იცით?
- სასჯელაღსრულების სამინისტროს პოზიციაც ასევე შეუვალია. რა თქმა უნდა, სამინისტროს უპირობოდ შეეძლო, ეს პროცესი დაეჩქარებინა. პატიმარი არის სამინისტროს განკარგულებაში. ეს ცოტა ცუდი სიტყვაა, მაგრამ მე სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ. პატიმრის ბედზე პასუხისმგებლობა სწორედ სამინისტროს კისერზეა, მაგრამ სამინისტრო გაუცხოებულია, ექსპერტიზის ბიურო ციხესიმაგრეს დაემსგავსა.
მე ორი დღის წინ იქ ვიყავი მისული, მაგრამ ყველა დამემალა, დაწყებული დამლაგებლით და ბიუროს ხელმძღვანელით დამთავრებული. სად არიან ეს ადამიანები წასული, მე არ ვიცი. ეტყობა, სააკაშვილთან ერთად ველოსიპედებით ევროპისკენ წავიდნენ, მაგრამ მათ საქციელს რა გაამართლებს, მე არ ვიცი. ბატონი ხიზანიშვილი ახალგაზრდა კაცია და არა მგონია, რომ მას უნდოდეს, პატიმარ წიკლაურის ადგილზე წარმოიდგინოს საკუთარი თავი. მაგრამ, თუკი იგი ასე მოიქცევა, ადრე თუ გვიან მასაც მოუწევს იმავე მდგომარეობაში ჩავარდნა, როდესაც საკანში ათი საწოლია, ოცდაათი პატიმარი და აქედან ოცი ტუბერკულოზით არის დაავადებული.
რა ინტერესი აქვთ, ამ დასკვნას რომ არ აძლევენ?
- ეს არის საინტერესო. რა თქმა უნდა, ეს არის იმ ნულოვანი ტოლერანტობის შედეგი, რასაც სააკაშვილი ქადაგებს თავისი მოსვლის პირველივე დღიდან. არავითარი დანდობა, არავითარი შეწყალება, ადამიანი უნდა მოკვდეს ციხეში, უკეთეს შემთხევვაში – საავადმყოფოში. ადამიანს სული სად ამოხდება, ციხის საკანში თუ საავადმყოფოს პალატაში, მისთვის რაიმე მნიშვნელობა აქვს?
ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას სასჯელის გადავადების პრეცედენტის დაშვება არ უნდა?
- რა თქმა უნდა, პრეცედენტის დაშვება არ უნდათ. მე მოვიკითხე და სულ რამდენიმე პატიმარია, რომელიც ამ რვა წლის განმავლობაში შეიცოდეს და ცხოვრების შანსი მისცეს. მაგრამ ასეთი სულ რამდენიმე შემთხვევაა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პატიმრის სიცოცხლე საფრთხეშია სწორედ იმიტომ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და პატიმრობის პირობებში სათანადო მკურნალობა ვერ უტარდებათ.
თქვენ თქვით, რომ ექსპერტიზის დასკვნის არგაცემა სისხლის სამართლით არის დასჯადი და რეაგირებისთვის პროკურატურას არ მიმართეთ?
- მე ორშაბათს პროკურატურას გადავუგზავნი შესაბამის მასალებს, რაც ამ პატიმრის ოჯახის წევრება მომაწოდეს. აქ, როგორც გითხარით, დარღვეულია კონტრაქტის პირობები, მაგრამ ეს არის ადმინისტრაციული წესით საწარმოებელი დავა ოჯახსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის და ესეც ცალკე დავის საგანი უნდა გახდს. მაგრამ ეს კიდევ მეორეხარისხოვანია და აქ მთავარი არის ადამიანის სიცოცხლე.
ღმერთმა არ ქნას და, თუ ეს ყველაფერი ფატალურად დასრულდა, ოჯახს შეუძლია, რომ დიდი კონტრიბუცია მოითხოვოს და დარწმუნებული ვარ, მიიღებს კიდეც. მაგრამ აქ კონტრიბუციაზე არავინ ფიქრობს, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. ეს არის თანამდებობრივი გულგრილობა, როდესაც თანამდებოდის პირი არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ეს არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება.
მე დიდი იმედი არ მაქვს, რომ ამ მასალებს პროკურატურაში გადავაგზავნი და ბატონი ზოდელავა მაშინვე საქმეს აღძრავს, მაგრამ მე მაინც ვიტოვებ რაღაც იმედს. ამასთან, მასალები მარტო იქ არ მიდის და ჩემთანაც რჩება და სააკაშვილი ყოველთვის არ იქნება ხიზანიშვილისნაირი ჩინოვნიკების მფარველი. ხელისუფლება მალე შეიცვლება და პასუხი ყველას მოეთხოვება.
საერთაშორისო საზოგადოებას რატომ არ მიმართეთ?
- მივმართეთ აშშ-ის ელჩს, რომ ამ საქმეში ჩაერიოს, მაგრამ ჯერ მათი დახმარების შედეგს ვერ ვხედავთ.
მე კიდევ მინდა, გითხრათ ის, რომ ტრაგიკულია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი კვდება და მისი მამა პირს ამოიკერავს იმის გამო, რომ ვინმემ ყურადღება მიაქციოს, იქნებ საკუთარი შვილის სიცოცხლე გადაარჩინოს. ეს ადამიანი უკვე მეხუთე დღეა პირამოკერილი დგას ექსპერტიზის ბიუროსთან, რათა მას ეს დასკვნა მისცენ, მაგრამ ამაოდ. ამ ადამიანების ბედი არავის ადარდებს. გიორგი ხიზანიშვილი ისე შედის და გამოდის, რომ მას არც კი ენახება. ეს არის სამარცხვინო საქციელი, მაგრამ მას მოსვლა და პასუხის გაცემა მაინც მოუწევს, თუ რას ერჩის წიკლაურების ოჯახს.
წიკლაურის მეუღლემ მითხრა, რომ პირამოკერილი, უბედური მამა ახლა თვალების ამოკერას აპირებს.
პარლამენტის ხელმძღვანელობას ან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს არ მიმართეთ. რომ ამ დასაკვნის გაცემა მაინც მოხდეს?
- თქვენ ხუმრობთ? პარლამენტის თავმჯდომარე ახლა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად არის წასული ავსტრალიაში და წიკლაურის ბედი რაში აღელვებს? მე უკვე კარგა ხანია, ამ ადამიანებზე ხელი ჩავიქნიე, მათ ადამიანის უფლებები ისე აინტერესებთ, როგორც მე მაინტერესებს ახლა სად არის არის წასული ბატონ ბაქრაძე და ვისთან ერთად.
არსებობს რამე იმედი, რომ ამ ადამიანს რაიმე ეშველოს?
- სიმართლე გინდათ, გითხრათ? მე ეჭვი მეპარება. შეიძლება, ეს ძალიან მძიმე მოსასმენია მისი ოჯახისთვის, მაგრამ ეს ადამიანი ამ ხელისუფლების ხელში სასიკვდილოდ არის განწირული.