6 სექტემბერს საქართველოს კინოთეატრებში სომხური მელოდრამის პრემიერა გაიმართება. „ასი ათას წამში“ ასე ჰქვია სომეხი რეჟისორის არა ერნჯაკიანიანის ფილმს, რომელშიც მთვარ როლს ქართველი მსახიობი დავით ქაცარავა ასრულებს.
ფილმის გადაღებები 2011 წლის იანვარში დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარეობდა. მისი ქრონომეტრაჟი 1:20 საათია. ფილმის პრემიერა ერევანში, 2012 წლის 3 მარტს გაიმართა.
ფილმში ორი მსახიობი მონაწილეობს, დავით ქაცარავა და ლუიზა მერსისიანი. „ჩემი გმირი ძალიან რომანტიკულია, იმაზე რომანტიკული ვიდრე მე ვარ რეალურ ცხოვრებაში. ის მზად არის თავისი გრძნობის გამო ყველაფერი გაწიროს. ფილმი დრამატულია. რეჟისორი კი უნიჭიერესი ადამიანია და დიდი სიამოვნება მივიღე მასთან მუშაობით. ქართველი მაყურებელი სექტემბერში თავად შეაფასებს ჩემს ნამუშევარს, თუმცა მე მაინც მგონია რომ ეს საუკეთესო როლია, რაც მე აქამდე შემისრულებია”-ამბობს მსახიობი.