ექსპერტების შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ძლიერი კოალიციის შექმნა და ეს იმ პარტიების დახმარებით მოახერხა, რომელიც ირგვლივ შემოიკრიბა. ამის შესახებ ექსპერტმა, გოგი ხუციშვილმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, კოალიციაში დღეს ის ძალაა მობილიზებული, რომლებიც დარჩენილი იყო პარლამენტის გარეთ და ვინც კატეგორიულ, შეურიგებელ პოზიციაზე იმყოფებოდა.
„ბიძინა ივანიშვილის პარტნიორები თავიდან „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკური პარტია“ იყო. შემდეგ მან გააფართოვა ეს კოალიცია და ის ძალები შემოიკრიბა, რომლებიც პარლამენტის გარეთ შეურიგებელ პოზიციაზე იმყოფებოდნენ, დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და ბოლომდე ამოუდგებოდნენ გვერდით. რათქმაუნდა, კოალიციამ მათთან გადაწყვიტა ურთიერთობა, იმიტომ რომ სერიოზულ ბრძოლას აპირებდა“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ექსპერტის განმარტებით, ამ ძალების სიაში ვერ აღმოჩნდა ლეიბორისტული პარტია, რადგან მისი თქმით, აღნიშნულ პარტიას განსხვავებული პოზიცია აქვს. ასევე კოალიციის მიღმა საპარლამენტო ოპოზიციაც დარჩა და აღნიშნა, რომ „პარლამენტში კიდევ სხვა კატეგორიის ოპოზიციაა“.
როგორც ხუციშვილი აცხადებს, იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ ძალები შევაფასოთ, აუცილებელია ბოლო პერიოდებში მის მიერ ჩატარებული აქციათა სერიას და მის დინამიკას გადავხედოთ და აღნიშნა, რომ მოცემული სურათი „შეუდარებელია“.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ კოალიციის ლიდერი როგორც პოლიტიკოსი დღითიდღე იზრდება და აღნიშნა, რომ ამას „პოზიტივი დინამიკა და მისი აღმავლობაც“ ადასტურებს.
„ივანიშვილმა მოახერხა არამარტო ის, რომ ძლიერი კოალიცია შექმნა, არამედ თვითონაც როგორც პოლიტიკოსი გაიზარდა. მის გამოსვლებში დღითიდღე იგრძნობა როგორ იხვეწება როგორც პოლიტიკოსი. უკეთ მიმართვას ხალხს, პოლიტიკურად უფრო გამართულია მისი გამოსვლები. მე ვფიქრობ რომ ჯერ კიდევ იკრებს ეს კოალიცია ძალებს“, - განაცხადა მან.
ექსპრეტის აზრით, აქ ის მომენტიცაა გასათვალისწინებელი, მოსახლეობამ თუ როგორ დაძლია შიშის სინდრომი. მისი განცხადებით, ადრე როცა რეგიონში ტარდებოდა ივანიშვილის აქცია, ხალხს ეშინოდა ჩაეცვა „ქართული ოცნების“ მაისური და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა ეხლა აღარ არსებობს.
„ეხლა თავისუფლად იცმევენ მაისურებს და ჩნდებიან ქუჩებში კამერების წინ. ამის პრობლემა აღარავის არ აქვს. მეორე მომენტია გახსნილობა. თავიდან პრობლემა იყო ისიც, შიშის გამო გამოვიდოდა თუ არა ხალხი აქციებზე. ეხლა ეს პრობლემაც დაძლეული იქნა. დინამიკაში რაღაც პროგრესი თანდადანობით უკვე სახეზეა“, - დასძინა მან.