ბიძინა ივანიშვილის და ნინო ბურჯანაძის შორის არსებული დაპირისპირებებისა და საწინააღმდეგო შეფასებების შემდეგ, მათ შორის შეხვედრა მაინც შედგა. შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო“-ს ლიდერმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრას დადებითად აფასებს და From.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მომხდარიყო, ბურჯანაძემ კი ამ ეტაპზე პოლიტიკიდან გვერდზე გადგომით, პოლიტიკაში დაბრუნების შანსი დაიტოვა.
„ეს შეხევედრა უნდა შემდგარიყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბურჯანაძემ განაცხადა, რომ იგი პოლიტიკურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ბურჯანაძემ, პარადოქსია, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით დაამტკიცა, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკიდან გვერდზე გადგომით, პოლიტიკაში დაბრუნების შანსს იტოვებს.
ეს შეხვედრა ლოგიკური და საჭიროც იყო. კუდებს ვერავინ გამოაბამს, რომ შედგება ალიანსი და ა.შ. ვფიქრობ, რომ ეს ერთობა უნდა შემდგარიყო. ბურჯანაძეს დიდი პოლიტიკური გამოცდილება გააჩნია და მისი პოლიტიკური მოსაზრებების მოსმენა ივანშვილისთვისაც საინტერესო იქნება“,-აცხადებს ხუხაშვილი.