წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში არსებული ვითარების შესასწავლად, დღეს თბილისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, ახლადარჩეული პრეზიდენტის რიკარდო მილიორის ხელმძღვანელობით ესტუმრება.
დელეგაცია წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას გაეცნობა და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას დააკვირდება.
დელეგაცია ვიზიტის პირველ დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს, საარჩევნო სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარეს მამუკა კაციტაძეს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები დღეს საქართველოში წინასაარჩევნოდ მედიაში არსებული ვითარების გასაცნობად, ასევე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს გიორგი ჭანტურიას და „მე-9 არხის“ გენერალურ დირექტორს კახა ბექაურს შეხვდება.
შეხვედრა თბილისში იტალიის საელჩოში შედგება.
შეხვედრა დაგეგმილია ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც, მათ შორის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს” და არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისში, ახლადარჩეული პრეზიდენტის რიკარდო მილიორის ხელმძღვანელობით, 22 აგვისტომდე დარჩება.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში 56 ქვეყნის პარლამენტის 400-ზე მეტი წევრია გაერთიანებული.